leaderboard_below_slide
left_sabechdi

ზურაბ ხონელიძის ინიციატივით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ბატონ ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზი გაიხსნა

2024 წლის 8 აპრილს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის, პროფესორ ზურაბ ხონელიძის ინიციატივით, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტზე საქართველოს პირველი პრეზიდენტისა და საქართველოს ეროვნული გმირის, ბატონ ზვიად გამსახურდიას სახელობის დარბაზი გაიხსნა. სსუ პირველი ქართული უმაღლესი სახელმწიფო სასწავლებელია, რომელმაც ამ სახით მიაგო პატივი თანამედროვე ქართული სახელმწიფოს შემოქმედს.

ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე, ბატონი გივი მიქანაძე, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი, ისტორიის დოქტორი, ბატონი კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია, საქართველოს მწერალთა შემოქმედებითი კავშირის თავმჯდომარე, ქალბატონი მაყვალა გონაშვილი, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ისტორიის დოქტორი, ბატონი ჯემალ გამახარია და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები.

ღონისძიება გახსნა და პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას შესახებ ისაუბრა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა:

„ქართველი ერის გზა – ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა!“ – ეს სიტყვები ეკუთვნის თანამედროვე საქართველოს დამოუკიდებელი სახელმწიფოს შემოქმედს, მის უპირველეს მესაძირკვლეს, პირველ პრეზიდენტს, ეროვნულ გმირს, ბატონ ზვიად გამსახურდიას, რომლის დაბადებიდან 85 წლის იუბილეს აღვნიშნავთ დღეს და ვხსნით მისი სახელობის დარბაზს. ამასთან, ვამბობ, რომ ზვიადისა და ქართული სახელმწიფოს ცხოვრების გზები იდენტურია, სწორედ ამიტომ განვმეორდები და ვიტყვი, რომ თვით „ზვიადის გზა – ქრისტეს გზაა, ეკლიანი გზა ჯვარცმისა და გარდაუვალი აღდგომისა!“

თექვსმეტი წლისა იყო, პირველად რომ დააპატიმრეს. მას შემდეგ სიკვდილამდე მოუსვენრად იცხოვრა. მშობელი მამა ¬– დიდი კონსტანტინე გამსახურდია შენიშნავდა: „ყოველ ადამიანს უწერია ამქვეყნად ერთგვარ უღელტეხილთან მიღწევა, ყოველ მწერალს და მებრძოლს მოელის თავისი შავი ვატერლოო. ყოველი გმირი, ბოლოს და ბოლოს, უნდა დამარცხდეს!“

შვილი – ზვიადი კი, თითქოს მამას ეკამათებაო, დაბეჯითებით იმეორებდა: „როდესაც რაიმე დიდ საქმეს შეეწირება მისი მესვეური, ეს მოასწავებს ამ საქმის გამარჯვებას“.

ჩვენს სამშობლოში – საქართველოში სწორედ „დიდმა საქმემ“ გაიმარჯვა! ზვიად გამსახურდიას ღვაწლმა ნაოცნებარი თავისუფლება ხელშესახები გახადა, მაგრამ ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე მას და შემდგომ ქართულ სახელმწიფოსაც თავისი „შავი ვატერლოო“ უნდა გამოეცადა.

„და როს აღგივსეს ძმარით ფიალა, არ აიცდინე სასმელი ესე“, – აღნიშნა მერაბ კოსტავამ.

ასეთი იყო მისი ბედისწერა. ამას თავადაც კარგად აცნობიერებდა. „ადამიანში არის რაღაც, რასაც ვერაფრით შეცვლი. ალბათ, ესაა ბედისწერა. მე არასოდეს მიფიქრია სხვაგვარ ცხოვრებაზეო“, – დაუნანებლად აღიარებდა და მორჩილად ეზიდებოდა თავის შეუმსუბუქებელ ტვირთს, რომლისგან გათავისუფლება არასოდეს უცდია. სიზიფეს გამძლეობა ჰქონდა; და მაინც, ბევრისთვის, ალბათ, დღემდე გამოცანად რჩება, – სულიერების საყოველთაო დაშრეტის პირობებში, როგორ შეძლო ბოლომდე დარჩენილიყო თავისივე ყმაწვილური ოცნების გმირად და უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მხოლოდ ამ ოცნების ხორცშესასხმელად ეღვაწა.

ვინც თვალს ხუჭავს წარსულზე და უარს ამბობს ხსოვნაზე, ის აწმყოშიც ბრმაა. „დავიწყების ძიებაში განდევნილობა ხანგრძლივდება, გამოსყიდვის საიდუმლო ხსოვნაშია“.

მართალია დღეს დროებით გაყოფილ, პოლიტიკურად დასნეულებულ ეროვნულ სხეულს ზნეობრივადაც უჭირს, მაგრამ არა იმდენად, რომ არ გვესმოდეს თავისი ღირებულებით, ფორმითა და შინაარსით უპრეცედენტო მოვლენის – 31 მარტის, საყოველთაო რეფერენდუმის მნიშვნელობა, რომელიც 9 აპრილს საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენით დაგვირგვინდა.

ამ დღეს, 1991 წელს – საქართველოს უზენაესი საბჭოს თავმჯდომარის, ბატონ ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, ჩატარდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმი ერთადერთი კითხვით: „თანახმა ხართ თუ არა აღდგეს საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა 1918 წლის 26 მაისის დამოუკიდებლობის აქტის საფუძველზე?“

საერთო-სახალხო კენჭისყრაში მონაწილეთა 98,9 %-მა მხარი დაუჭირა, 1921 წლის 25 თებერვალს, რუსულ-ბოლშევიკური აგრესიისა და შემდგომი ანექსიით შეწყვეტილი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენას.

ჩვენი ქვეყნის მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე 1991 წლის 31 მარტი და 9 აპრილი, სწორედ ის თარიღებია, რომლებმაც სათავე დაუდეს ახალ ეპოქას, მას თავისი შემოქმედი ჰყავს – ქართველი ერი, მისი აღიარებული და განუმეორებელი ლიდერი ზვიად გამსახურდია.

ზვიად გამსახურდიამ „ცრუი და ყრუი, „ფურთხის ღირსი“ და „ორგულ ბუნება“ საქართველოს ნაცვლად, შექმნა თავისუფლებით გაბრწყინებული სამშობლოს მითოსი „საქართველო ტაძარია, ზეცა მისი გუმბათიო“, – თავადვე ირწმუნა ძლიერი რწმენით და ამ რწმენას განსაცვიფრებელი რაციონალიზმით მოუძებნა ისტორიული ფესვები.

ყოველი მითი, ღრმადაა დაკავშირებული ამა თუ იმ ეთნოსის შრეებთან. ზვიად გამსახურდიამ, არსებითად, გაამრთელა დაწყვეტილი, ნაკუწ-ნაკუწად ქცეული ქართული ჰეროიკული ცნობიერების ნაფლეთები და უმოკლეს დროში თავისუფლების სული მოჰფინა მთელ საქართველოს.

თავისუფლება, როგორც ამქვეყნად არსებული უმაღლესი ღირებულება, – კვლავ დამკვიდრდა ჩვენს ეროვნულ შეგნებაში. ეს ფაქტი კი სამარადისოდ დაუკავშირდა ზვიად გამსახურდიას სახელს.

ასეთია „ცოცხალი ისტორიის“ სიმბოლური სურათი, რომელიც მომავალში ისეთივე შთამბეჭდავი იქნება, როგორც მითიური ამირანის ბრძოლა, თავისუფლების მოსაპოვებლად.

მეგობრებო, ბედმა მარგუნა მონაწილეობა მიმეღო საქართველოს უახლესი ისტორიის ტრაგიკულ პროცესებში. მქონდა ბედნიერება პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიასთან სისტემატური ურთიერთობის. 26-27 წლის ყმაწვილს პატივი მერგო მისი ხელდასხმით გავმხდარიყავი დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პროფკავშირების პირველი არჩეული თავმჯდომარე. გულახდილად გეტყვით, რომ მსგავსი პატრიოტიზმის, აზროვნების, კეთილშობილების, ინტელექტის, გონიერების, შეუპოვრობის, სამშობლოს უანგარო მსახურების, სიყვარულის, ერთგულების, მიზანდასახულობისა და გულწრფელობის მატარებელი პიროვნება, არც მანამდე და არც შემდეგ შემხვედრია. მან, ზვიადმა, მერაბთან ერთად, მნიშვნელოვნად განსაზღვრა საქართველოს და მათ შორის, თუ ხმამაღლა ნათქვამად არ ჩამითვლით, ჩემი შემდგომი ცხოვრების გზა და წესი.

ღმერთმა ნათელი დაუმკვიდროს მის – საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას – სახელს!

უფალი იყოს ჩვენი და ჩვენი ქვეყნის მფარველი!“, – თქვა ბატონმა ზურაბ ხონელიძემ.

ბატონ ზვიად გამსახურდიას პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და სამეცნიერო მოღვაწეობის შესახებ ისაუბრეს: შვილმა კონსტანტინე გამსახურდიამ, უზენაესი საბჭოს თავმჯდომარემ აკაკი ასათიანმა, ბაკურ გულუამ, მწერალმა და საქართველოს პარლამენტის წევრმა როსტომ ჩხეიძემ, ისტორიკოსმა ჯემალ გამახარიამ, პოეტმა მაყვალა გონაშვილმა, პროფესორმა მარინა ტურავამ, პოეტმა და აკადემიკოსმა რაულ ჩილაჩავამ, კრიტიკოსმა სოსო სიგუამ.

გამომსვლელებმა ხაზი გაუსვეს ზვიად გამსახურდიას სახელის იმგვარ უკვდავყოფასა და პატივისცემას, როგორც ეს ჩვენს საზოგადოებას სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, პროფესორმა ზურაბ ხონელიძემ შესთავაზა და მას ამ ეროვნული პოზიციისა და სახელმწიფოებრივი ხედვისთვის მადლობა გადაუხადეს.

ცერემონიალის მოდერაციას უძღვებოდა პროფესორი ლია ახალაძე.

ღონისძიება ეროვნული სამეცნიერო კონფერენციის მუშაობით დასრულდა.

ასევე იხილეთ