top_leaderboard
left_sabechdi

რიკარდ იოზვიაკი: კიდევ ერთი დარტყმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების რეჟიმისთვის – ეს ცუდი ნიშანია

„კიდევ ერთი დარტყმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების რეჟიმისთვის”, – ასე აფასებს „რადიო თავისუფლების“ ევროპის ბიუროს რედაქტორი რიკარდ იოზვიაკი რუსი ბიზნესმენებისთვის, პიოტრ ავენისა და მიხაილ ფრიდმანისთვის სანქციების მოხსნას. შესაბამისი განცხადება მან სოციალურ ქსელში X გამოაქვეყნა.

„კიდევ ერთი დარტყმა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების რეჟიმისთვის. რუსმა ოლიგარქებმა, პეტრ ავენმა და მიხაილ ფრიდმანმა ევროკავშირის სასამართლოში გაიმარჯვეს. სასამართლოს გადაწყვეტილება ვრცელდება მხოლოდ 2022 წლის თებერვლიდან 2023 წლის მარტამდე განსაზღვრულ „შავ სიაზე“. შესაბამისად, ისინი რჩებიან სანქციების ქვეშ, რადგან სია განახლდა მიმდინარე წლის დასაწყისში, თუმცა, სასამართლოს დღევანდელი გადაწყვეტილება ცუდი ნიშანია“, – აღნიშნავს იოზვიაკი.

ევროკავშირის სასამართლომ დააკმაყოფილა რუსული „ალფა-გრუპის“ დამფუძნებლების პიოტრ ავენისა და მიხაილ ფრიდმანის სარჩელი, რომლებიც პერსონალური სანქციების მოხსნას ითხოვდნენ.

ევროკავშირმა ავენსა და ფრიდმანს სანქციები 2022 წლის 28 თებერვალს დაუწესა. ბრიუსელში ეს გადაწყვეტილება იმით დაასაბუთეს, რომ ფრიდმანს და ავენს რუსეთის სახელისუფლებო წრეებთან აქვთ კავშირები.

ბიზნესმენებმა სანქციები 2022 წლის მაისში გაასაჩივრეს.

ასევე იხილეთ