ეკა სეფაშვილი: „ენჯეოების“ ფინანსები დეკლარირებული კი არის საგადასახადო უწყებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საზოგადოებას მიუწვდება ამ ინფორმაციაზე ხელი, რადგან ის არის კონფიდენციალური
„ასეთი კითხვაც ისმის ხოლმე, რომ ხომ ისედაც ყველაფერი გამჭვირვალე და დეკლარირებულია, ხომ ისედაც ხედავს ფინანსთა თუ იუსტიციის სამინისტრო არასამთავრობო ორგანიზაციების ფინანსებს, ამიტომ, რაღა საჭიროა ცალკე რეესტრის შექმნაო“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
ეკა სეფაშვილმა განმარტა, რომ არასამთავრობო სექტორისთვის ბევრი შავი ხვრელი არსებობს მიღებული ფინანსების მიზნობრიობის დასამალად, სწორედ ამიტომ საჭიროა გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის მიღება.
„განვმარტავ, რომ „ენჯეოების“ ფინანსები საზოგადოების ფართო ფენებისთვის ცნობილი არ არის. დეკლარირებული კი არის საგადასახადო უწყებაში, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ნებისმიერ მოქალაქეს მიუწვდება ამ ინფორმაციაზე ხელი. ეს არის კონფიდენციალური ინფორმაცია და მხოლოდ საგადასახადო უწყების პრეროგატივა. გარდა ამისა, თუ ორგანიზაციამ არ მოისურვა თავისი გრანტის გრანტად დაფიქსირება, რისი უფლებაც აქვს, ეს ინფორმაციაც იმალება (გრანტად იმიტომ არეგისტრირებენ ხოლმე, რომ დამატებითი ღირებულების გადასახადს აღარ იხდიან, მაგრამ თუ მოისურვებენ ამ გადასახადის გადახდას, შეუძლიათ გრანტად აღარ დაარეგისტრირონ). ასევე, არსებობს ისეთი დაუბეგრავი ხარჯები არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის, როგორიც არის, მაგალითად, სამივლინებო ხარჯები. ანუ, თუ ამ სამივლინებო ხარჯს გაწერენ, ის არც საგადასახადოში აისახება და არც – სხვაგან. შესაბამისად, ასეთი ტიპის შავი ხვრელები არსებობს „ენჯეო“ სექტორისთვის, რითაც შეიძლება შავი ფული ისე გადაეცეს აქტივისტს თუ ორგანიზაციას, რომ არავის, მათ შორის, არც სახელმწიფოს ექნება ინფორმაცია ამის შესახებ. როგორც ჩანს ეს არის ზუსტად „ენჯეოების“ ისტერიის ძირითადი მიზეზი, რადგან გამჟღავნდება ის, თუ რეალურად რისთვის იღებენ ფინანსებს და სად ხარჯავენ“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.