leaderboard_below_slide
left_sabechdi

რატი ბრეგაძე: ქართულ სახელმწიფოს უკვე აქვს სრული სამართლებრივი ბერკეტი, ყველგან თქვას, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებების დარღვევებზე პასუხისმგებელი არის რუსეთის ფედერაცია

„ქართულ სახელმწიფოს უკვე აქვს სრული სამართლებრივი ბერკეტი, რომ ყველგან თქვას, რომ ნებისმიერი დარღვევა, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სრულად შეერაცხება რუსეთის ფედერაციას და პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის რუსეთი”, – ამის შესახებ გადაცემაში „იმედი LIVE“ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

„გილოცავთ საქართველოს ყველა პატრიოტსა და გულშემატკივარს იმ გამარჯვებას, რომელიც ყველამ ერთად ვიზეიმეთ გუშინ. ეს იყო სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება ე.წ. განგრძობადი ოკუპაციის საქმეზე, რომელშიც საქართველომ კიდევ ერთხელ დამაჯერებლად გაიმარჯვა. ეს გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ირღვევა ისეთი ძირითადი უფლებები, როგორიცაა მაგალითად სიცოცხლის უფლება, მიმოსვლის უფლება, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის აკრძალვა, საკუთრების უფლება და მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლება. ეს, რა თქმა უნდა, საკმაოდ მძიმე არის ჩვენთვის და პირველ რიგში იმ ადამიანებისთვის, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებულ ტერიტორიებზე. შესაბამისად, ქართულ სახელმწიფოს უკვე აქვს იმის სრული სამართლებრივი ბერკეტი, რომ ყველგან თქვას, რომ ნებისმიერი დარღვევა, რომელსაც ადგილი აქვს ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სრულად შეერაცხება რუსეთის ფედერაციას და პასუხისმგებელი ადამიანის უფლებების დარღვევებზე საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არის რუსეთი. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ სიმართლე არის საქართველოს მხარეს. გუშინდელი გადაწყვეტილება საქართველოს გაუძღვება სამართლიანობისკენ და, საბოლოო ჯამში, დარწმუნებულები ვართ, რომ მსგავსი სამართლებრივი გამარჯვებებით ჩვენ ერთობლივად აუცილებლად ვიზეიმებთ იმ დღეს, როდესაც საქართველო იქნება სრულიად დეოკუპირებული და თავისუფალი საოკუპაციო ძალებისგან“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ.

მისივე თქმით, ეს გადაწყვეტილება იქნება ძირითადი იარაღი, როგორც ქართველი დიპლომატების, ასევე ნებისმიერი ქართველის ხელში, რომლის მთავარი ოცნება, ამოცანა და მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ საქართველო იყოს სრულიად თავისუფალი საოკუპაციო ძალებისგან.

„შესაბამისად, როდესაც ჟენევის ფორმატში იქნება საუბარი ნებისმიერ დარღვევაზე, პასუხისმგებელი იქნება რუსეთის ფედერაცია და მისი წარმომადგენლები. რა თქმა უნდა, თუ რუსეთს სურს, დაუბრუნდეს ნორმალურ ყოფას და აღქმული იყოს მსოფლიოში როგორც სახელმწიფო, რომელსაც პრეტენზია აქვს, რომ იცავს ადამიანის უფლებებს – მას მოუწევს ამ ყველაფრის გათვალისწინება. ამ გადაწყვეტილებას სჭირდება აღსრულება და თითოეული ადამიანი, რომლის უფლებაც დაირღვა რუსეთის ფედერაციის მხრიდან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ადრე თუ გვიან აუცილებლად მიიღებს შესაბამის კომპენსაციას. ახლა ისევ უნდა მივმართოთ სასამართლოს, რომელიც შემდგომში განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და დაიწყება აღსრულების პროცესი“, – აღნიშნა მინისტრმა.

ასევე იხილეთ