top_leaderboard

რატი ბრეგაძე: აუცილებლად გამოიძებნება გამოსავალი, რომ იმ ადამიანებმა, რომლებიც დაზარალდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, მიიღონ შესაბამისი კომპენსაცია

„ახლა უკვე იკრიბება ექსპერტთა ჯგუფი, რომელიც აღსრულების მეთოდებზე იმსჯელებს და დარწმუნებულები ვართ, რომ უცილებლად გამოიძებნება შესაბამისი გამოსავალი, რომლის მეშვეობითაც, ის ადამიანები, რომლებიც დაზარალდნენ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, აუცილებლად მიიღებენ შესაბამის კომპენსაციას”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

მინისტრმა ისაუბრა ევროსასამართლოს 9 აპრილის გადაწყვეტილებაზე, რომლითაც დადგენილია რუსეთის მიერ ე.წ. ბორდერიზაციის გზით ადამიანის უფლებების უხეში და მასშტაბური დარღვევა.

„უნდა აღვნიშნო აუცილებლად ის, რომ ნიშანდობლივი და სიმბოლური იყო ის გარემოება, რომ ეს გადაწყვეტილება სწორედ 9 აპრილს გამოცხადდა. ეს გამარჯვება კიდევე ერთხელ ცხადყოფს იმას, რომ სიმართლე იყო, არის და იქნება საქართველოს მხარეს. ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატავთ მწუხარებას თითოეული გარდაცვლილი ადამიანის ოჯახის მიმართ, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე სამშობლოს გამო დათმო და დარწმუნებულები ვართ, რომ მათი ბრძოლა უკვალოდ არ ჩაივლის და მთავრობის თითოეული წევრის, ასევე საქართველოს ნებისმიერი მოქალაქის ვალია, რომ ამ ადამიანების ბრძოლამ უკვალოდ არ ჩაიაროს“, – განაცხადა მინისტრმა.

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2024 წლის 9 აპრილს გამოიტანა გადაწყვეტილება მეოთხე სახელმწიფოთაშორის საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“, რომელიც ეხება 2008 წლის კონფლიქტის შემდეგ, ადმინისტრაციული საზღვრების „ბორდერიზაციას“.

პალატის დღევანდელ გადაწყვეტილებაში, საქმეზე „საქართველო რუსეთის წინააღმდეგ (IV)“ (საჩივარი №39611/18) ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ ერთხმად დაადგინა, რომ ადგილი ჰქონდა ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის შემდეგი მუხლების დარღვევას: მე-2 მუხლი (სიცოცხლის უფლება), მე-3 ( არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის აკრძალვა), მე-5 §1 მუხლი (თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება) და მე-8 მუხლი (პირადი და ოჯახური ცხოვრების დაცულობის უფლება), 1 ოქმის 1 (საკუთრების დაცვა) და მე-2 (განათლების უფლება) მუხლები და მე-4 ოქმის მეორე მუხლი (მიმოსვლის თავისუფლება).

ასევე იხილეთ