top_leaderboard

რატი ბრეგაძე: კოლექტიურ „ნაცმოძრაობას“ ვუწოდებ ბოლშევიკურ მოძრაობას, რადგან მათი მეთოდები არის ტყუილზე დაფუძნებული

„ბუნებრივია, როდესაც საქართველოში ფინანსდება გარკვეული პროექტები, ამის უკან ინტერესები დგას”, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა. მინისტრის თქმით, ეს ინტერესები თუ გავლენა შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფით.

ამასთან, რატი ბრეგაძის თქმით, აშშ-ში მოქმედი მსგავსი კანონის მეშვეობით გაიგო ქართულმა საზოგადოებამ იმ კამპანიის შესახებ, რომელსაც სააკაშვილი და მისი მომხრეები საქართველოს წინააღმდეგ აწარმოებდნენ. მინისტრი აღნიშნავს, რომ სწორედ ასეთ კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი.

„ნებისმიერი ფონდს აქვს თავისი ინტერესი, როდესაც გარკვეულ პროექტს აფინანსებს. ფონდებს წინასწარ აქვთ გამოცხადებული პრიორიტეტები და პროექტი ამ პრიორიტეტებს უნდა მოერგოს, რის შემდეგაც იღებს ფონდის შესაბამისი ორგანო პროექტის დაფინანსებაზე ან, ამ დაფინანსებაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას. შესაბამისად როცა ვსაუბრობთ, გავლენაზე და უცხოურ ინტერესზე, ბუნებრივია, როდესაც საქართველოში ფინანსდება გარკვეული პროექტები, ამის უკან ინტერესები დგას. ინტერესები და გავლენა შეიძლება იყოს ისევე როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. ჩვენი სამინისტროს მაგალითზეც რომ ვისაუბრო, ძალიან ბევრ დონორ ორგანიზაციასთან გვაქვს კავშირი და უამრავ პროექტს ვახორციელებთ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან ერთად და ეს ყველაფერი სრულ თანხვედრაშია საქართველოს ეროვნულ ინტერესებთან. ჩვენი ეროვნული ინტერესია ევროკავშირსა და ნატოსთან სრული ინტეგრაცია, შესაბამისად თუ რომელიმე ორგანიზაცია ემსახურება ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრაციის მიზანს, ასეთი გავლენა არის მხოლოდ დადებითი. მეორე მხარე ცდილობს გააიგივოს ნეგატიურ კონტექსტთან. მთავარი არის ის, რომ ნებისმიერი თანხა, რომელიც უცხოეთიდან შემოდის და რომლის უკანაც გარკვეული ინტერესი დგას, იმთავითვე ცხადი იყოს საზოგადოებისთვის და თუკი დასამალი არაფერია, ამის შესახებ ინფორმაციის არგავრცელება სრულიად გაუგებარია. მაგალითად რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი ტელეკომპანიით გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომ მეც ვარ მთავრობის ერთ-ერთი წევრი, რომელსაც უცხოური სტიპენდია მქონდა. დიახ ამის შესახებ ინფორმაცია მე თავად გავასაჯაროვე და მეამაყება, რომ მქონდა იმ ფონდის დაფინანსება დოქტორანტურაზე სწავლისას, რომლის მთავარი მიმართულება არის ევროატლანტიკური ინტეგრაცია და საქართველოში დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობა.

სოციალურ ქსელებში ვრცელდება გარკვეული ბანერები, რომელზეც მათ შორის იყო მითითებული და რაც სრულიად მიუღებელია, რომ თითქოს ეს კანონპროექტი მტრად აცხადებს აშშ-სა და ევროკავშირს. ეს არის იმდენად უნამუსო ტყუილი, რომლის მიმღებლობაც ამ ქვეყნის საზოგადოების უმრავლესობას ვერ ექნება, რადგან კანონში ამაზე არსადაა საუბარი. შესაბამისად მათი ტაქტიკა გაშავებაში მდგომარეობს – მთავარია ადამიანს რაღაც დიდი ტყუილი დააბრალო და მერე უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა რა პასუხს გაგცემს. მთავარია ეს იყოს სენსაციური ტყუილი. ასეთ მეთოდებს ჩვენ ნაციზმში, ფაშიზმში, ბოლშევიზმში ვხედავდით და კოლექტიურ ნაციონალურ მოძრაობას მე ამიტომ ვუწოდებ ერთიან ბოლშევიკურ მოძრაობას რადგან მათ მეთოდები არის მსგავსი – ტყუილზე დაფუძნებული ხმამაღალი ბრალდებები, რომლის შემდგომაც საზოგადოებისთვის მტყუანის და მართლის გარჩევა. კანონპროექტი სინამდვილეში საკმაოდ მარტივ მოთხოვნებს აწესებს როგორც არასამთავრობო, ასევე მედიაორგანიზაციების მიმართ, რომ მათ უბრალოდ უნდა მოახდინონ დეკლარირება. მსგავსი ტიპის კანონის მეშვებით, რომელიც აშშ-ში მოქმედებს, შესაძლებელი გახდა, რომ ქართულ საზოგადოებას გაეგო იმის შესახებ, რომ მილიონდოლარიანი კამპანია აწარმოვა მსჯავრდებულმა მიხეილ სააკაშვილმა და მისმა მომხრეებმა, რომ საქართველო რაიმე ფორმით დასანქცირებულიყო აშშ-ის მხრიდან რაც წარუმატებელი აღმოჩნდა. სწორედ მსგავსი ტიპის კეთილშობილურ მიზნებს ემსახურება ეს კანონპროექტი“, – განაცხადა მინისტრმა.

ასევე იხილეთ