მამუკა მდინარაძე: საინტერესო შეხვედრა გვქონდა სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან, მათ ამომწურავი პასუხები მიიღეს, ორი ისეთი საკითხი დააყენეს, რომლის არგაზიარებაც არ შეიძლება

„ძალიან საინტერესო შეხვედრა გვქონდა, არ ყოფილა საკითხი, რომელსაც არ შევხებივართ”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტური თვითმმართველობების ხელმძღვანელებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტზე იყო საუბარი.
მდინარაძის თქმით, სტუდენტების მხრიდან დასმულ ყველა კითხვას ამომწურავი პასუხი გაეცა.
„ილიას უნივერსიტეტმა ძალიან იაქტიურა და ძალიან საინტერესო წინადადებები დააყენა, რაც გავიზიარეთ და რაც არ მოფიქრებია არც ერთ ოპონენტს. ამ ახალგაზრდებმა ორი ისეთი საკითხი დააყენეს, რომლის არგაზიარება არ შეიძლება. ერთი შეეხება ცვლილებას, რომელიც უნდა შევიდეს, რომელიც უალტერნატივო იყო და შევიტანთ. მერვე პუნქტში სიტყვა მინიშნება შეიცვლება სიტყვა ინფორმაციით. ასევე, დაფინანსებასთან დაკავშირებით, როდესაც ახალგაზრდული მიმართულებით შიდა გრანტები კიდევ უნდა გაიზარდოს. რამდენიმე დღის წინ პრემიერს ჰქონდა ჩვენთან და ჩვენს რამდენიმე კოლეგასთან საუბარი ამაზე. კარგია, რომ მათი აზრი ამას ემთხვევა. შესაბამისად ჩვენ ყველა კითხვაზე გავეცით პასუხი. მათ საქებრად შემიძლია, ვთქვა, რომ დეტალურად არიან გათვითცნობიერებული არა მხოლოდ ჩვენს დაინიცირებულ კანონპროექტში, არამედ უცხო ქვეყნების პრაქტიკაში, რომ თითოეულ მათგანს შეუძლია, სხვა ქვეყნის პრაქტიკაზეც კი დეტალურად ისაუბროს. იყო კრიტიკული შენიშვნებიც, მაგრამ ამაზეც ამომწურავად ვუპასუხეთ. სტუდენტებს, თვითმმართველობის ხელმძღვანელებს ყველა კითხვაზე ამომწურავი პასუხები აქვთ გაცემული“, – განაცხადა მდინარაძემ.