top_leaderboard

ლევან დავითაშვილმა საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარზე არსებული ვითარება, მიმდინარე რეფორმები და დარგის სამომავლო პერსპექტივები კერძო სექტორთან შეხვედრისას განიხილა

პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა საქართველოს ენერგოსექტორში არსებული ტენდენციებზე, ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების მიზნით მიმდინარე რეფორმებზე და ამ პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის თანამშრომლობის საკითხებზე ისაუბრა ღონისძიებაზე „საქართველოს ელექტროენერგიის ბაზარი: სამომავლო პერსპექტივები“.

ღონისძიება „თიბისი კაპიტალის“ ორგანიზებით გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს ელექტოენერგიის ბაზარზე მომუშავე პრაქტიკულად, ყველა მხარის – საჯარო უწყებების და კერძო ბიზნესების, საფინანსო და დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, ასევე დარგის ექსპერტებმა და საბანკო სექტორმა. ღონისძიების მთავარმა სპიკერებმა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს, როგორიცაა: ელექტროენერგიის გენერაციის, ფასის და მოხმარების დინამიკა, ბაზრის დერეგულაცია, დარგის მხარდაჭერის ახალი სქემა, სიმძლავრის აუქციონები, მსოფლიო ტენდენციები, ევროპასთან დაკავშირებადობა – შავი ზღვის წყალქვეშა პროექტი და სხვა.

როგორც ლევან დავითაშვილმა თავის გამოსვლაში აღნიშნა, საქართველოს ელექტოენერგიის გენერაციის დიდი პოტენციალი აქვს, თუმცა, რეალიზების კუთხით ის სრულად არ არის ათვისებული. შესაბამისად, მნიშვნელოვანია ამ პროცესში კერძო სექტორთან, ინვესტორებთან და დეველოპერებთან დიალოგი, მათ შორის მხარდაჭერის მექანიზმებზე. მისი თქმით, საქართველოს ელექტროენერგიის ბაზრის განვითარება და ამ პროცესში კერძო სექტორთან თანამშრომლობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ელექტროენერგიის მოხმარების ზრდის მსოფლიოში არსებული ტენდენციის ფონზე.

„დიალოგს არ აქვს ალტერნატივა, რათა ჩვენი პოლიტიკა კიდევ უფრო ადეკვატური და სექტორის განვითარების მხარდამჭერი იყოს. ბოლო დღეებში არაერთი შეხვედრა გაიმართა, სადაც სახელმწიფოს მხარდაჭერის ძირითადი პრინციპები კერძო სექტორთან შევაჯერეთ – რომ ის უფრო ქმედითი იყოს და რეალურად განხორციელებული პროექტები მივიღოთ დროში უფრო სწრაფად. დღესაც „თიბისი კაპიტალთან“ გვექნება მსჯელობა დაფინანსების წყაროებზე, რომ მასქიმალურად მოკლე დროში შევძლოთ პროექტები გადავიყვანოთ რეალიზების, განხორციელების ეტაპზე. ვფიქრობ რომ სახელმწიფოს მხრიდან მხარდამჭერი მექანიზმი ფასის კუთხით არის ძალიან ქმედითი, თუმცა, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ სხვა  მექანიზმებიც, რომელიც კიდევ უფრო დააჩქარებს ამ პროცესს“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

ამასთან, ლევან დავითაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ ეკონომიკის სამინისტრო აქტიურად მუშაობს ელექტროენერგიის ბაზრის განვითარების, მათ შორის საკანონმდებლო კუთხით, რაც კერძო სექტორის, ინვესტორებისა და დეველოპერების საქმიანობაზე პოზიტიურ გავლენას მოახდენს.   ასევე მან აქცენტი გააკეთა განახლებადი წყაროების ენერგო პროექტების მნიშვნელობაზე და მათი განხორციელების პროცესში სახელმწიფო და კერძო სექტორის, ასევე მოსახლეობასთან სწორი კომუნიკაციის საკითხზე – იქნება ეს გარემოს დაცვის, სოციალური საკითხები თუ სხვა.

„ვფიქრობ, რომ მოსახლეობის მეტი ინფორმირებულობა და ასევე კონკრეტული, წამახალისებელი მექანიზმები, რომლებიც უპასუხებს მათ ინტერესებს,  გადამწყვეტი იქნება იმ პროცესში, რომ  განახლებადი წყაროებიდან პროექტები უფრო მალე განვახორციელოთ“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

ღონისძიების ფარგლებში ასევე გაიმართა დისკუსია თემაზე: „ელექტროენერგიის სექტორის გამოწვევები და შესაძლებლობები“, რომელშიც მონაწილეობა მიიღო ეკონომიკის სამინისტროს ენერგეტიკული პოლიტიკისა და საინვესტიციო პროექტების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ჯუბო ტურაშვილმა.

ასევე იხილეთ