top_leaderboard

მაკა ბოჭორიშვილი: ოლაფ შოლცთან შეხვედრა კარგი შესაძლებლობაა, პრემიერმა განიხილოს პრიორიტეტები, რაც გვაქვს ევროინტეგრაციის გზაზე

„გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან შეხვედრა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობაა, პრემიერმა უმაღლეს დონეზე განიხილოს ყველა პრიორიტეტი, რაც ჩვენს ქვეყანას ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ელოდება, რომ გერმანიის მხრიდან კვლავ გაგრძელდება მნიშვნელოვანი, მტკიცე მხარდაჭერა, რაც საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას სჭირდება.

„გერმანია არის საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პარტნიორი. ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის საქართველოს სახელმწიფოს განვითარებაში გერმანიის როლი განსაკუთრებულია და ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. რაც შეეხება ევროკავშირში ინტეგრაციას, გერმანიის მხარდაჭერა, როგორც კანდიდატის სტატუსის მონიჭების პროცესში იყო მნიშვნელოვანი, შემდგომშიც, ამ პროცესის გაგრძელებაშიც მნიშვნელოვანია. ველოდები, რომ ეს შეხვედრა კიდევ ერთი კარგი შესაძლებლობა იქნება, პრემიერმა უმაღლეს დონეზე განიხილოს ყველა ის პრიორიტეტი, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე, ასევე, საქართველოს წინაშე არსებული გამოწვევები. ველოდები, რომ გერმანიის მხრიდან კვლავ გაგრძელდება ძალიან მნიშვნელოვანი, მტკიცე მხარდაჭერა, რაც სჭირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას და ყველა გამოწვევასთან გამკლავებას“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.

მისივე თქმით, როდესაც ვსაუბრობთ გამჭვირვალობაზე, დემოკრატიის განმტკიცებაზე საქართველოსა და ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის განსხვავება არ არის.

„ისეთივე საჭიროა საქართველოსთვის ეს პროცესი, როგორც ევროკავშირის ნებისმიერი წევრი სახელმწიფოსთვის. გამჭვირვალობა, როგორც ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში, ისე საქართველოში, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, მნიშვნელოვანია. ასევე, საჭიროა ჩვენი მოქალაქეებისთვის ისევე, როგორც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის. შესაბამისად, განსხვავებულ ტალღაზე დაყენება ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და საქართველოსი, აბსოლუტურად არარელევანტურია, როდესაც ვსაუბრობთ ერთი და იმავე გამოწვევაზე, ერთი და იმავე საკითხზე, ჩვენი მოქალაქეების ინფორმირებულობაზე და გამჭვირვალობაზე, რაც შეეხება პოლიტიკურ პროცესში გადაწყვეტილების მიღებას“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გერმანიის ფედერალურ კანცლერს, ოლაფ შოლცს დღეს შეხვდება. ოლაფ შოლცი ირაკლი კობახიძეს გერმანიის ფედერალურ კანცელარიაში უმასპინძლებს, სადაც დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართება. დაგეგმილია შეხვედრები პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში, რის შემდეგაც ირაკლი კობახიძე და ოლაფ შოლცი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

ასევე იხილეთ