leaderboard_below_slide
left_sabechdi

თეა ფირცხალავა: დღეს ჩვენს მუხრან მაჭავარიანს 95 წელი შეუსრულდებოდა!

„მე პატრონმა, მე პატრონმა ამისთანა ზღვის,

მე პატრონმა, მე პატრონმა ამისთანა ცის,

თუ ღმერთი გწამს, თუ კაცი ხარ,

სხვას მივბაძო?! ვის?!“

დღეს ჩვენი ეპოქის ერთ-ერთ გამორჩეულ ქართველ პოეტს და „ქართული პოეზიის რაინდის“ საპატიო ტიტულის მატარებელ კაცს, ჩვენს მუხრან მაჭავარიანს 95 წელი შეუსრულდებოდა. მწამს, რომ თუ ჩვენი მომავალი თაობები მუხრანისებრი პოეტების ან ოდითგან მოღვაწე დიდი ქართველების სულისკვეთებით აღიზრდებიან, მაშინ მათ რამდენიც არ უნდა „იარონ! იარონ! იარონ!“ და სრულიად დედამიწა შემოიარონ, თავის სამშობლოს,  რომლის სისხლსაც შემოჩენილი გადამთიელები საუკუნეთა მანძილზე „გზადაგზა სვამდნენ, ამღვრევდნენ, ღვრიდნენ, უღმერთოდ ჰრყვნიდნენ, უგულოდ ჰყიდდნენ…“ და იმავეს გაკეთებას დღესაც ცდილობენ, არავის დაანებებენ, ყველასგან დაიცავენ და არც სხვა ქვეყნების ზიზილ-პიპილოებზე გაიყიდებიან, რადგან:

„სამშობლოს ჩემსას იშვიათად უგრძვნია შვება, –

საყიალოა თავისობას ის რადგან სხვების.

მას დღემდე ბევრი სისაძაგლე შესძინეს სხვებმა; –

იგია, მოკლედ, საკუთარი სიკარგის მსხვერპლი“.

მეც მუხრანის ლექსებზე გავიზარდე და კარგად მახსოვს ის მრავალი საღამო, რომელზეც პოეტი საკუთარ ლექსებს ისე დასჭექდა ხოლმე, რომ ტანში ჟრუანტელი დაგივლიდა, გული კი სამშობლოს სიყვარულით „გაგისკდებოდა“, ხოლო როცა გაჩუმდებოდა, მისი დუმილიც კი რეკავდა, ანუ…

„დუმილი რეკავს, დუმილი რეკავს

ჯვრით, ალავერდით, გელათით, ტბეთით…

ხმა თუა ნეტავ, ხმა თუა ნეტავ, –

ამ უხმო ხმაზე რომაა მეტი!“

ერთ-ერთი მასეთი შეხვედრა თბილისის უნივერსიტეტის ცნობილ 93-ე აუდიტორიაში შედგა, რომელიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა, რადგან იმ დღეს მუხრანმა უცნაურსათაურიანი ლექსები წაიკითხა, რომლებიც  ცნობილი ადამიანების, მათ შორის სახელმწიფო, პოლიტიკური, სამხედრო თუ საზოგადო მოღვაწეების, სიტყვებსა და ფიქრებზე იყო აგებული, მაგალითად, „სიტყვა წარმოთქმული ჩაიზე, მამუკა ჯამბაკურ-ორბელიანის ოჯახში სოლომონ რაზმაძის მიერ“, „სიტყვა თქმული ფილადელფოს კიკნაძის მიერ, ძმათა თვისთა თანა, შუამთაში“, „სიტყვა თქმული ვახტანგ ორბელიანის მიერ ორთაჭალაში, ტივზე“… ან, „ფიქრი ქოსა მუსტაფასი იბრეიმ ყარა მაჰმად ოღლის ძმის ქორწილში“, „ფიქრი ელიზბარ ერისთავისა, – გზად შინდისიდან შინ რომ ბრუნდებოდა, ეტლით“, „ფიქრი იასესი, – ამილახვრიანთ აივანზე, – ბადრი მთვარის ჭვრეტის ჟამს“ და იქვე:  აღსარება თქმული ს. დოდაშვილის მიერ თბილისის სიონში, აღდგომის წინა დღეს“…

და აი, სწორედ ასეთი გრძელი და ჟღერადი სათაურების ლექსების ქვეტექსტებში მუხრანის სათქმელი გაისმოდა, რომელიც მსმენელს, მკითხველს და სრულიად საქართველოს გამოფხიზლებისკენ მოუწოდებდა:

„საქართველოში მრავალჯერ თუმცა

სიკვდილის მოდგა ელჩი;

გუგულის კვერცხი ესოდენ უხვად

ჯერ არ ყოფილა ჩვენში!“

მანამდე კი… ყველაფერი სოფელ არგვეთას ულამაზეს ეზოში ჩადგმული ხის სახლიდან დაიწყო, სადაც დღევანდელი იუბილარის დედ-მამა – ივანე მაჭავარიანი და თამარ იაკობაშვილი ცხოვრობდნენ. სახლის ერთ პატარა ოთახში ოჯახის თავს – ლუარსაბ მაჭავარიანს თავისი ეკლესია ჰქონდა მოწყობილი და სწორედ იმ პატარა ოთახში, 1929 წლის 12 აპრილს, მომავალი დიდი პოეტი, შოთა რუსთაველის, აკაკი წერეთლისა და მემედ აბაშიძის პრემიების ლაურეატი, პოეტი-აკადემიკოსი მუხრან მაჭავარიანი დაიბადა.

ოჯახი თბილისში, არაგვის ქუჩაზე დასახლდა და მუხრანიც იქვე, ვაჟთა მე-7 (დღევანდელ 53-ე) სკოლაში სწავლობდა. მოგვიანებით პოეტი „ნატვრითა და მოტკბო სევდით“ იხსენებდა, რომ ყოველ ზამთარს ქალაქში, ყოველ ზაფხულს კი მშობლიურ სოფელში ატარებდა. თბილისის უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტის დამთავრების შემდეგ, მუხრან მაჭავარიანმა ლექსების არაერთი კრებული გამოსცა, რომლებიც მრავალ უცხო ენაზე ითარგმნა. წლების განმავლობაში იგი სხვადასხვა პერიოდული გამოცემის, მათ შორის ჟურნალ „პიონერის“, ჟურნალ „დილას“ და ალმანახ „საუნჯის“ მთავარი რედაქტორი და საქართველოს მწერალთა კავშირის თავმჯდომარე იყო. იგი საქართველოს უზენაესი საბჭოს წევრიც გახდა და 1991 წლის 9 აპრილს ხელი საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის აქტს მოაწერა,  წერდა:

„როდემდე უნდა გვეძინოს ყურზე?!

ქვეყანას ღვიძავს! – დღეს სძინავს ვისღა?!)

ჩვენი მზის სხივს და ჩვენი ზვრის ყურძენს

როდემდე უნდა ვიღებდეთ სხვისგან?!“

წერილის დაწერამდე  მუხრან მაჭავარიანის მეუღლის, ლამარა ბოკერიას მოგონებებს („ძე ქუხილისა“) გავეცანი, სადაც იგი უნივერსიტეტის ლიტერატურული წრის შეკრებას და მუხრანის გამოსვლას იხსენებდა: „უეცრად გამოდის ახოვანი, თმამოშვებული ახალგაზრდა და ომახიანი ხმით იწყებს ლაპარაკს: „მე მჯერა, მოვა კაცი, პოეტი! დაანთებს ხანძარს, შეაზანზარებს მთებს, რომლებიც დგანან და ელიან… მის ხმაზე დაიძვრებიან მყინვარები, მდინარეები, აღმოსავლეთიდან ზვრები, დასავლეთიდან ჩაის ბუჩქები და მის სმენად მოვიდიან კაცნი და მხეცნი…“ (და… ამ სიტყვებზე ჩვენი დიდი შოთას სიტყვები ამომიტივტივდა: „რა ესმოდის მღერა ყმისა, სმენად მხეცნი მოვიდიან…“). ჰოდა, მუხრანმა თავისი ლამარა ახალგაზრდობაშივე „დაამშვიდა“, პოეტი კაცი მოვა და ხანძარს დაანთებსო და… მართლაც მოვიდა და ლექსად გვითხრა:

„წუთისოფელი ამნაირად იმიტომ მიდის, –

კაი ხანია, კაცი არ ჩანს ნამდვილად დიდი!

წესი და რიგი, – დღეს როა ირგვლივ, –

მყის დაიმსხვრევა, – გამოჩნდება როგორც კი იგი!“

და გამოჩნდა კიდეც… თუმცა, ამაზე სხვა დროს. გიამბობთ.

მუხრან მაჭავარიანი პოეტურად გაეცალა ამ სამყაროს. იგი 2010 წელს რუსთაველის თეატრის სცენაზე გარდაიცვალა, თავისი მეგობრის, ფრიდონ ხალვაშის 85-ე წლისთავისადმი მიძღვნლ საღამოზე. სცენიდან მარადისობაში მუხრანი თავისმა სიტყვამ გადაიყვანა, გოგი ცაბაძე კი – თავისმა სიმღერამ.

მუხრან მაჭავარიანი მთაწმინდის პანთეონში დაიკრძალა და…

„ირიჟრაჟებს…  დღე მოიწევს კრიალა,

ტოროლა ცას შეასკდება… იალა!

ჩირგვიანა, ჩიტიანა, ხიანა,

ფოთლიანა, ღელიანა, ხიანა

დედამიწა ხარობს ყველაფრიანა!

ნაკუწ-ნაკუწ, ნაკუწ-ნაკუწ კი არა –

გაუმარჯოს, გაუმარჯოს მთლიანად!

მიწიანა, კაციანი, ციანა –

საქართველოს მოთმინების ფიალას“.

 

მორის ფოცხიშვილი და მუხრან მაჭავარიანი

მურმან ლებანიძე, მუხრან მაჭავარიანის დედა თამარ იაკობაშვილი და მუხრანი

მუხრან მაჭავარიანი ოჯახთან ერთად: მეუღლე – ლამარა ბოკერია, სიძე – ლერი ახმეტელი, შვილი – ნანა მაჭავარიანი, შვილიშვილები ანა და სოფიო ახმეტელები

თამაზ წივწივაძე, მუხრან მაჭავარიანი და რეზო ჭეიშვილი

მუხრან მაჭავარიანი და ზურაბ ქაფიანიძე 

ასევე იხილეთ