შონ ო’მალი: შესაძლოა, წონა არ შევიცვალო და ჩემი დივიზიონის მებრძოლებს შევხვდე, ხოლო თოფურიას 2025 წელს დავუპირისპირდე
UFC-ის სუპერმსუბუქი წონის ჩემპიონმა, შონ ო’მალიმ ილია თოფურიასთან პოტენციური ბრძოლის შესახებ ისაუბრა. ქამრის დაცვის შემდეგ ამერიკელმა მებრძოლმა ქვემსუბუქი წონის ქართველ ჩემპიონთან დაპირისპირება ისურვა, თუმცა როგორც ახლა ამბობს, შესაძლოა, ჯერ წონა არ შეიცვალოს და საკუთარ დივიზიონში დარჩეს.
ო’მალიმ მარტში მარლონ ვერა დაამარცხა და სუპერმსუბუქ წონაში პირველად დაიცვა საჩემპიონო ქამარი. ორგანიზაციის პრეზიდენტი დანა უაითი აცხადებს, მას შემდეგი ბრძოლის გამართვა მერაბ დვალიშვილთან მოუწევს. თავად ო’მალი დიდი ხნის განმავლობაში ამ საკითხზე საუბარს თავს არიდებდა, მაგრამ ამჯერად ამბობს, რომ მერაბი შემდეგია.
„ჯერ ჩემს დივიზიონში ვარ, მერაბი შემდეგია. არ ვიცი, მივცემ თუ არა ჩემთან ბრძოლის შანსს ილია თოფურიას. შესაძლოა, მოცემულ წონაში დავრჩე და ჩემი წონის მებრძოლებს დავუპირისპირდე, ხოლო ილია თოფურიას 2025 წელს შევხვდე“, – განაცხადა ო’მალიმ.
შეგახსენებთ, რომ თებერვალში, UFC 298-ზე ქვემსუბუქ წონაში ილია თოფურიამ ალექსანდრ ვოლკანოვსკი დაამარცხა, ხოლო მერაბ დვალიშვილმა სუპერმსუბუქ წონაში UFC-ის ორი წონის ყოფილ ჩემპიონს, ჰენრი სეხუდოს სძლია.