top_leaderboard

მამუკა მდინარაძე ხელოვანების ნაწილზე, რომლებიც გამჭვირვალობის კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან: ვურჩევ, წაიკითხონ და თავი არავის მოატყუებინონ

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე ახალგაზრდებისა და იმ ხელოვანების ნაწილს, რომლებიც გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს ეწინააღმდეგებიან, დისკუსიას სთავაზობს. მამუკა მდინარაძის განცხადებით, პირველ რიგში მათ კანონპროექტი უნდა წაიკითხონ და თავი არავის მოატყუებინონ.

„ჩემთვის მნიშვნელობა აქვს, რომ ერთი ადამიანიც არ იყოს მოტყუებული. დღეს კიდევ არსებობს ძალიან ბევრი ადამიანი, რომელსაც კანონპროექტი წაკითხული არ აქვს და ამბობს – „არა რუსულ კანონს“ – წაუკითხავ კანონზე ამბობენ. ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გამოვიდა და თქვა, რომ ეს კანონი არის რუსული. მათ ვურჩევ, რომ კანონპროექტი წაიკითხონ და თავი არავის მოატყუებინონ.

თუ ვინმეს აინტერესებს, ჩვენ მოვახდენთ რეაგირებას არგუმენტებზე. ძალადობისა და კოქტეილების სროლის მაგივრად მოიტანეთ არგუმენტები. ქალბატონმა სალომემ ხომ წაახალისა ძალადობა, მაინც გირჩევთ ყველას, რომ არგუმენტები მოიტანოთ და არა კოქტეილები. კოქტეილებით ბრძოლა თუ ვინმეს მოუნდება, ამაზე სახელმწიფო საკადრის პასუხს გასცემს, მაგრამ არგუმენტებზე, ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ არგუმენტებით დავუპირისპირდებით და ამ არგუმენტებს გამოვიყენებთ სიმართლის დასადგენად და ყველა ადამიანის სიმართლეში გასარკვევად“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ პარლამენტში ოფიციალურად დაინიცირდა. კანონპროექტში ნაცვლად ტერმინისა „უცხოური გავლენის აგენტი“ გამოყენებულია ტერმინი – „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია“. კანონპროექტის ყველა სხვა ჩანაწერი უცვლელია.

 

ასევე იხილეთ