უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური ალექსანდრ სირსკი აცხადებს, რომ რუსეთს 9 მაისამდე სურს დონეცკის ოლქის ქალაქ ჩასივ იარის დაკავება.
როგორც სირსკი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რუსეთის არმია კონცენტრირებულია ქალაქ ბახმუტის დასავლეთზე და უკრაინელების თავდაცვის ხაზის გარღვევა ამ მიმართულებით სურს, რაც მათ საშუალებას მისცემს, დაიკავონ ჩასივ იარი და შემდეგ ძალისხმევა მიმართონ კრამატორსკისკენ.
„საფრთხე აქტუალურია იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის სამხედრო ხელმძღვანელობამ დასახა ამოცანა, რუსმა ჯარისკაცებმა ჩასივ იარი 9 მაისამდე დაიკავონ“, – წერს ალექსანდრ სირსკი.
მისივე თქმით, უკრაინელი სამხედროები დიდი ძალისხმევის ფასად აკავებენ მტრის შეტევებს.
„ბიბისის“ ცნობით, ჩასივ იარი დონეცკის ოლქში უკრაინის სამხედრო ძალების მნიშვნელოვანი საყრდენი პუნქტია.