ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ირანის ქმედებები პროვოცირებას უწევს უკონტროლო რეგიონულ ესკალაციას, ამის შესახებ ფონ დერ ლაიენმა დიდი შვიდეულის ლიდერებთან გამართული შეხვედრის შემდეგ აღნიშნა.
“გუშინ ირანმა განახორციელა მასიური თავდასხმა ისრაელის წინააღმდეგ დრონებისა და რაკეტების გამოყენებით. მსგავსი პირდაპირი თავდასხმა ირანის მხრიდან ისრაელზე არის უპრეცედენტო. ჩვენ, დიდი შვიდეულის ლიდერებმა ეს უმკაცრესად დავგმეთ. ჩვენ გამოვხატეთ ჩვენი მხარდაჭერა და სოლიდარობა ისრაელელი ხალხის მიმართ და ურყევი მხარდაჭერა ისრაელის უსაფრთხოებისადმი. ირანის ქმედებები პროვოცირებას უწევს უკონტროლო რეგიონულ ესკალაციას და ეს თავიდან უნდა იქნას აცილებული. ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სტაბილურობის შესანარჩუნებლად“, – ამბობს ფონ დერ ლაიენი.
ევროკომისიის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ დიდი შვიდეულის ლიდერებთან ერთად განიხილეს ღაზაში არსებული კრიზისიც. მისი თქმით, საჭიროა ცეცხლის დაუყოვნებლივი შეწყვეტა და „ჰამასის“ მიერ მძევლების გათავისუფლება, რაც ასევე მოიცავს ჰუმანიტარული დახმარების გაზრდას პალესტინელი ხალხისთვის.