უპასუხებს თუ არა ისრაელი ირანის მიერ განხორციელებულ თავდასხმას, ამის შესახებ გადაწყვეტილება ომის კაბინეტს კვლავ არ აქვს მიღებული.
გამოცემა The Times of Israel წერს, რომ ისრაელის ომის კაბინეტის წევრი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი ბენი განცი მხარს უჭერდა, ისრაელს საპასუხო თავდასხმა ჯერ კიდევ გასულ ღამეს განეხორციელებინა, რისი კატეგორიული წინააღმდეგიც იყო ისრაელის თავდაცვის მინისტრი იოავ გალანტი, თავდაცვის ძალების მეთაური ჰერცი ჰალევი და ომის კაბინეტის სხვა წევრები. მათი თქმით, ისრაელი ორიენტირებული იყო ირანის მიერ გაშვებული დრონებისა და რაკეტების მოგერიებაზე, რაც გაართულებდა ერთდროულ მოქმედებებს.
მედიის ცნობით, ამ დროისთვის აღნიშნულ საკითხზე ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს პოზიცია ცნობილი არ არის.