ბექა ოდიშარია: არასამთავრობო ორგანიზაციებს ნუთუ ასეთ პრობლემას უქმნის ერთჯერადი დეკლარაცია, რას სჩადიან ისეთს, რომ სიკვდილივით ეშინიათ ამის გამომზეურების
„არასამთავრობო ორგანიზაციებს ნუთუ ასეთ პრობლემას უქმნის ერთჯერადი დეკლარაცია, რას სჩადიან ისეთს, რომ სიკვდილივით ეშინიათ ამის გამომზეურების”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბექა ოდიშარიამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.
„ობსტრუქციის მოწყობას და გარეთ ფშტვენას სჯობს, დაინტერესებული პირები, ოპოზიციური პარტიები და მათთან აფილირებული მილიონერი „ენჯეოები“ შემობრძანდნენ, თავად შეიტყონ ჩვენგან, პირველწყაროსგან, „ქართული ოცნების“ ფრაქციისგან, რას ეხება და რას არ ეხება. სად არუს რუსული, როდესაც არ ეხება მეცნიერს, ემიგრანტისგან ოჯახისთვის ჩარიცხულ ფულს, სპორტულ ფედერაციებს, ინდმეწარმეს, კომერციულ პირებს. მარტო „ენჯეოს“ და მედიასაშუალებებს რადგან ეხებათ? ისიც მხოლოდ მათ, რომლებიც საზღვარგარეთიდან დაფინანსების 20%-ზე მეტს იღებენ. ნუთუ ასეთ პრობლემას უქმნის ერთჯერადი დეკლარაცია? ამისთანას რას სჩადიან და რას ხარშავენ თავიანთ კულისებში, რომ სიკვდილივით ეშინიათ ამის გამომზეურების. არის თუ არა შემაფერხებელი გამჭვირვალობა და არის თუ არა საწინააღმდეგო ევროპული ღირებულებების? გაუმჭვირვალობა თუ არ ეღობება ჩვენს ევროპულ მისწრაფებებს, ამას მომდევნო დისკუსიები გვაჩვენებს“, – განაცხადა ბექა ოდიშარიამ.