top_leaderboard

მამუკა მდინარაძე: ევროპული ყაიდის კანონმდებლობა უნდა მივიღოთ და მაქსიმალურად შევუსაბამოთ ევროდირექტივას, რომელიც ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ არის ფრანგული კანონი

„ევროპული ყაიდის კანონმდებლობა უნდა მივიღოთ და მაქსიმალურად შევუსაბამოთ ევროდირექტივას, რომელიც ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ არის ფრანგული კანონი, რომელიც უკვე მიღებულია ქვედა პალატის მიერ”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის დღევანდელ სხდომაზე გამჭვირვალობის კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მამუკა მდინარაძე აღნიშნული განცხადებით ოპონენტების მიერ გამოქვეყნებულ ბანერებს გამოეხმაურა.

„იყო ასეთი ბანერი გავრცელებული და დავეთანხმე მე მაშინ ამ მიდგომასაც და დავეთანხმე იმასაც, რომ ევროპული ყაიდის კანონმდებლობა უნდა მივიღოთ და მაქსიმალურად შევუსაბამოთ ევროდირექტივას, რომელიც ჯერ არ არის მიღებული, მაგრამ არის ფრანგული კანონი, რომელიც უკვე მიღებულია ქვედა პალატის მიერ.

ამ ე.წ ბანერზე რაც კი არის დაწერილი, რაც ამოგიწერიათ რუსული კანონიდან, არც ერთი შეზღუდვა არ არის ჩვენს კანონპროექტში. თუკი რომელიმეს ნახავთ, პირობას გაძლევთ, რომ ჩვენ ამას ამოვიღებთ. მათ შორის, უმკაცრესი შეზღუდვები, არათუ უმკაცრესი, არამედ ქართულ კანონპროექტში არც ერთი შეზღუდვა არ არის.

ფიზიკურ პირებზე ვრცელდებაო – ტყუილია, არ ვრცელდება ფიზიკურ პირებზე. კრძალავს აქტიურ საარჩევნო უფლებას – მსგავსი არ არსებობს; კრძალავს პედაგოგიურ საქმიანობას – მსგავსი არ არსებობს; ზღუდავს უფლებას ქონებაზე და ფინანსურ ტრანზაქციებზე – მსგავსი არ არსებობს; რეესტრში ქვეკონტრაქტორებიც კი შეჰყავს – არ არსებობს ჩვენთან მსგავსი. საჯაროობითაც აწესებს გავლენის აგენტად მოხსენიების ვალდებულებას – არ არსებობს ჩვენთან მსგავსი. აწესებს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, არც ასეთი არსებობს.

ბოლოს ივარჯიშეს და გუშინ საჯარო სივრცეში აქტიურად აზიარებდნენ ბოლო მათ შემოქმედებას. ამასთან დაკავშირებით მაშინ მიხვდნენ და წაშალეს იმწუთსავე. ეს არც ერთი „ნაცისა“ და მათი სატელიტების არც ერთ გვერდზე აღარ დევს, მაგრამ აი, ეს მეორე, არის ამ წუთას ბევრგან. თითოეულზე პასუხს გავცემ პრეზენტაციის ფარგლებში“, – აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

ამ წუთებში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მანამდე მან პარლამენტარებს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის დეტალები გააცნო.

ასევე იხილეთ