თბილისის მერის, კახა კალაძის განმარტებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი არ ეხება არც სტუდენტებს, არც მეცნიერებს, შშმ პირებს ან სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, არამედ მხოლოდ და მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლის ფინანსები გამჭვირვალე არ არის.
ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ჟურნალისტებს შესაბამისი საკითხის კომენტირებისას განუცხადა.
„ჩვენ გადაწყვეტილებებს ვიღებთ იმის გათვალისწინებით, თუ რა სჭირდება ჩვენს ქვეყანას და ამ ქვეყნის მომავალს. ის ადამიანები, ვინც აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ, ვერანაირ არგუმენტს ვერ დებენ, თუ რატომ არის ის პრობლემა, როცა მხოლოდ და მხოლოდ გამჭვირვალობას ეხება. ასევე, ხაზი მინდა გავუსვა, რომ ის არ ეხება სტუდენტებს, მეცნიერებს, შშმ პირებს, არც სოფლის მეურნეობაში დასაქმებულ ადამიანებს, რომლებიც გრანტს იღებენ. ის ეხება მხოლოდ და მხოლოდ იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომელთა ფინანსები არ არის გამჭვირვალე. ჩვენ ხშირად ვხდებით მოწმენი იმისა, რომ ხდება ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელიც დაკავშირებულია რადიკალიზმთან, ექსტრემიზმთან, რევოლუციურ სცენარებთან და ასე შემდეგ. შესაბამისად, ეს ყველაფერი რომ გამორიცხული იყოს, ამისთვისაა მნიშვნელოვანი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ კანონი“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ამასთან, მისივე თქვით, ადამიანები, რომლებიც აღნიშნულ კანონპროექტს აპროტესტებენ, თავის დროზე საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას მოითხოვდნენ.
„ის ადამიანები, რომლებიც დღეს აპროტესტებენ აღნიშნულ კანონს – ესენი შეიძლება იყვნენ უცხოელები, ასევე, ქვეყნის შიგნით, იგივე ადამიანები არიან, რომლებიც რამდენიმე თვის წინ პირდაპირ მოგვიწოდებდა, რომ საქართველო მიერთებოდა სანქციებს, ქვეყანაში გახსნილიყო მეორე ფრონტი და ასე შემდეგ. ჩვენ ყოველთვის გავატარებთ ამ ქვეყნის ინტერესს. მინდა, ვუთხრა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას: ხომ წარმოგიდგენიათ, რა იქნებოდა, აქ რომ ერთი ტყვია გავარდნილიყო, მეორე ფრონტი გახსნილიყო, ქვეყანა სანქციებს მიერთებოდა და ასე შემდეგ. ეს იქნებოდა დამანგრეველი ჩვენი ქვეყნისთვის. დღეს იგივე ადამიანები, ვინც ამ ნაბიჯის გადადგმისკენ მოგვიწოდებდნენ, აპროტესტებენ გამჭირვალობის კანონს“, – აღნიშნა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, საქართველო სუვერენული სახელმწიფოა და მის შიდა საქმეებში ჩარევის უფლება არავის აქვს.
„მესმის დღევანდელი მოცემულობის. დღეს აღნიშნული კანონპროექტის მიღება არის ქვეყნის ინტერესში, ამ ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფო, დამოუკიდებელი ქვეყანა, ამისთვის იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა, ჩვენმა გმირებმა. შესაბამისად, ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანამ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში, ან პარლამენტს, რომელიც უფლებამოსილია ხალხისგან, მისცეს მითითება. არ მოგწონთ აღნიშნული კანონი? აგერ, ოქტომბერში მოდის არჩევნები, ყველა პოლიტიკური პარტია და სუბიექტი იღებს მონაწილეობას. მოიგეთ არჩევნები და შეცვალეთ, ძალიან მარტივია“, – განაცხადა კახა კალაძემ.