leaderboard_below_slide
left_sabechdi

კახა კალაძე: მივესალმები პრემიერის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი იყოს საჯარო

„საზოგადოებას ვერანაირი არგუმენტი ვერ მოისმინა, თუ რატომ არის კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ ცუდი ან რატომ აქვს პრობლემა“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა და აღნიშნა, რომ მიესალმება პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას პროცესის ღიაობასთან დაკავშირებით.

„მივესალმები პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას იმასთან დაკავშირებით, რომ ყველაფერი იყოს საჯარო და ღია, საზოგადოებამ მიიღოს ზუსტი და სწორი ინფორმაცია  გამჭირვალობის კანონთან დაკავშირებით, რადგან აქ საუბარია მხოლოდ ერთ რამეზე: იმ კონკრეტულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა, რომლებიც 20 პროცენტზე მეტ დაფინანსებას იღებენ დონორი ორგანიზაციებისგან, შეავსონ დეკლარაცია  და ეს იყოს გამჭირვალე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, აღნიშნული კანონპროექტის მიღება ქვეყნის ინტერესშია.

„ჩვენ ვართ დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფო. ამისთვის იბრძოლეს ჩვენმა წინაპრებმა და ძალიან მნიშვნელოვანია, ქვეყანამ შეინარჩუნოს სახელმწიფოებრიობა, სუვერენიტეტი და არავის აქვს უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში და მისცეს მითითება პარლამენტს, რომელიც უფლებამოსილია ხალხისგან, რა კანონი მიიღოს. არ მოგწონთ აღნიშნული კანონპროექტი? – აგერ ოქტომბერში მოდის არჩევნები, ყველა პოლიტიკური პარტია მონაწილეობს. მოიგეთ არჩევნები და შეცვალეთ, ძალიან მარტივია“, – განაცხადა თბილისის მერმა.

კახა კალაძის თქმით, ის პასუხისმგებლობას საკუთარი ქვეყნისა და ხალხის წინაშე იღებს.

„მე – კახა კალაძე პასუხისმგებლობას ვიღებ ჩემი ქვეყნისა და ხალხის წინაშე, რომ ყოველთვის გადავდგამთ ისეთ ნაბიჯს, რომელიც მნიშვნელოვანია ჩემი ქვეყნისთვის- შენარჩუნებული იყოს სახელმწიფოებრიობა, სიმშვიდე და არავის მიეცემა უფლება, ჩაერიოს ქვეყნის შიდა პროცესებში“, – განაცხადა თბილისის მერმა.

 

ასევე იხილეთ