top_leaderboard

ეკა სეფაშვილი: არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე და ევროსაბჭოდან გვითითებენ, რომ ეს სფერო უფრო გამჭვირვალე გავხადოთ

„ბატონო მამუკა, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, თუ არის კანონში რაიმე ისეთი მუხლი ან ჩანაწერი, რომლითაც ხდება იმ ორგანიზაციების სეგმენტაცია, რომლებიც საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან და თურმე მტრად უნდა ჩავთვალოთ უცხოური ქვეყნის დონორი?“ – ასე მიმართა პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, ეკა სეფაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერ მამუკა მდინარაძეს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის განხილვა მიმდინარეობს.

როგორც ეკა სეფაშვილმა აღნიშნა, საქართველოში ერთადერთი სფერო, სადაც გამჭვირვალობის პრობლემა არსებობს, არასამთავრობო სექტორია. მისი შეფასებით, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების განცხადებას, რომ ეს კანონი უცხოურ მხარეს აუცილებლად მტრად განიხილავს, მათი მხრიდან დამტკიცება სჭირდება.

„როგორც ბატონმა მამუკამ აღნიშნა, დიახ, არასამთავრობო ორგანიზაციების სფერო არის ერთ-ერთი ყველაზე გაუმჭვირვალე სფერო და ევროსაბჭოდან გვითითებენ, რომ ეს სფერო კიდევ უფრო გამჭვირვალე გავხადოთ, ფინანსების მოძრაობის თვალსაზრისით. მოგეხსენებათ, საქართველოს ბიუჯეტი არის ყველაზე გამჭვირვალე მთელ მსოფლიოში და ჩვენს ქვეყანას რეიტინგებში პირველი ადგილი უჭირავს – უცხოეთიდან შემოსული ნებისმიერი დაფინანსების, მიზნობრიობის და თანხების მოცულობის თვალსაზრისით.

ძალიან ბევრი უწყება სწორედ ამ გამჭვირვალობასთან დაკავშირებით ბევრ ღონისძიებას ატარებს, რომ მათი საქმიანობა გამჭვირვალე იყოს. ერთადერთი სფერო, სადაც ნაკლები გამჭვირვალეობა გვაქვს, ეს არის არასამთავრობო სექტორი და მათი საქმიანობა, რასაც სწორედ ეს კანონი აღმოფხვრის. ეს პერიოდი, ევროკავშირის მხრიდან იყო მცდელობა, რომ გამჭვირვალე ყოფილიყო არასამთავრობო ორგანიზაციების საქმიანობა, მაგრამ შემდგომში რატომღაც არ გაგრძელდა ეს პროექტი ასეთივე წარმატებით.

დღეს, ჩვენ დილიდანვე ოპოზიციის ფლანგიდან ვისმენთ ორი მიმართულებით მოსაზრებებს: პირველი მიმართულება არის, თითქოსდა ეს კანონი უცხოურ მხარეს აუცილებლად მტრად განიხილავს. ეს მიჩნეულია აქსიომად, რომელსაც დამტკიცება არ სჭირდება, რადგან ისინი [ოპოზიციის წარმომადგენლები] ზედმეტად თვლიან, რომ ეს დაამტკიცონ. მეორე მიმართულება – გვიმტკიცებენ, რომ ძალიან ბევრი, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორი ბევრ კეთილ საქმეში გვეხმარება, რაც ასევე აქსიომაა და ამასაც დამტკიცება სჭირდება, თუმცა სინამდვილეში ამას ჩვენ ისედაც ვაღიარებთ. ეს შეიძლება განვიხილოთ ოპოზიციის მხრიდან ღია კარის ძალით გაღების მცდელობად.

ბატონო მამუკა, თუ შეიძლება კიდევ ერთხელ რომ განმარტოთ, განსაკუთრებით საზოგადოებისთვის, თუ არის კანონში რაიმე ისეთი მუხლი ან ჩანაწერი, რომლითაც ხდება იმ ორგანიზაციების სეგმენტაცია, რომლებიც საქართველოს ინტერესებს ემსახურებიან და რომლის მიხედვითაც, თურმე მტრად უნდა ჩავთვალოთ უცხოური ქვეყნის დონორი?“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სეფაშვილის კითხვას მდინარაძემ უპასუხა, რომ დღეს კანონპროექტის განხილვისას, ვერ ითქვა არგუმენტი, თუ რატომ არის აღნიშნული კანონპროექტი რუსული. „ყველაფერი ვნახეთ დღეს, მაგრამ ვერ ვნახეთ ერთადერთი – რატომ არის [კანონპროექტი] არათუ რუსული, არამედ ცუდი?!“ – უპასუხა მდინარაძემ.

 

ასევე იხილეთ