„ბარსელონას“ მთავარმა მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის განმეორებითი მეოთხედფინალური მატჩის წინ ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა.
ხავის გაწვრთნილმა გუნდმა პირველ მატჩში „პარი სენ-ჟერმენი“ სტუმრად 3:2 დაამარცხა და ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა.
„ამ ეტაპზე ძალიან მოტივირებული და ბედნიერი ვარ. ვეთანხმები ანჩელოტის სიტყვებს, გამარჯვება სიამოვნებას განიჭებს, ხოლო მარცხი ამოსუნთქვის საშუალებას არ გაძლევს.
შესანიშნავი შანსი გვაქვს, ხუთი წლის შემდეგ პირველად გავიდეთ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში და ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთოთ. აუცილებელი იქნება ემოციების კონტროლი. პირველ მატჩში დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია, მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო გუნდს დიდი კონკურენცია გავუწიოთ.
მოედანზე ნამდვილი ბრძოლა იქნება, ფეხბურთელები არაფერს დათმობენ. გამარჯვების გასაღები კი გუნდური თამაში იქნება. ყველამ, ვინც სტადიონზე გავა, მოგებისთვის ყველაფერი უნდა გააკეთოს“, – აცხადებს ხავი.
„ბარსელონასა“ და „პარი სენ-ჟერმენის“ შეხვედრა 16 აპრილს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.