სოზარ სუბარი: ამერიკული FARA-სა და ფრანგული კანონპროექტის პირდაპირი სამიზნე არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ლობისტებიც, მედიაც და ეს ყველაფერი ერთ პაკეტშია
„ყველამ ყველაფერი იცის თითქოს, მაგრამ მაინც ჯიუტად იმეორებენ გამიზნულ ტყუილს, რომ თითქოს FARA, ანუ უცხოელი აგენტების რეგისტრაციის ამერიკული აქტი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს და ეხება მხოლოდ ლობისტებს; რომ თითქოს საფრანგეთის ქვედა პალატის მიერ უკვე მიღებული კანონი არ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებს ან მედიას და ეხება მხოლოდ მედიებს და ა.შ.“, – ამის შესახებ პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ, დეპუტატმა სოზარ სუბარმა განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტს სხდომაზე, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის განხილვისას.
სოზარ სუბარის თქმით, როგორც ამერიკული FARA, ასევე ფრანგული კანონპროექტი პირდაპირ ეხება არასამთავრობო ორგანიზაციებსაც და მათ მიერ სხვა ქვეყნებიდან მიღებულ შემოსავლებს აკონტროლებს.
„ამ დროს FARA-ს პირდაპირი სამიზნე არიან არასამთავრობო ორგანიზაციებიც, ლობისტებიც, მედიაც და ეს ყველაფერი ერთ პაკეტშია. მაგალითს ვიტყვი: human rights watch-ი არის ამერიკაში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც, მგონი, 40 თუ 50 წელი არსებობს. მისი სფეროა ადამიანის უფლებები და არ არის ლობისტური ორგანიზაცია, მაგრამ მის მიერ ამერიკის გარედან მიღებული ნებისმიერი ცენტი აისახება FARA-ს კანონში. აშშ-ის გარედან მისი დამფინანსებლები ძირითადად არიან ევროკავშირი და ევროპული ქვეყნები.
ზუსტად იმავეს ამბობს ფრანგული კანონიც. კანონის წარმდგენებმა, რომლებიც მაკრონის პარტიის წევრები არიან, როცა იმ ქვეყნებს ასახელებდნენ, რომლებსაც ეს კანონი შეეხებოდა, დაასახელეს რუსეთიც, აზერბაიჯანიც, კატარიც და ა.შ. მაგრამ ყველაზე ბევრი ილაპარაკეს აშშ-ზე, როგორც ქვეყანაზე, რომელიც საფრანგეთის ინტერესების საწინააღმდეგო ქმედებებს რბილი ძალის მეშვეობით, ხშირად, სწორედ „ენჯეოებისა“ თუ მედიის მეშვეობით ახორციელებს. სწორედ ამას უნდა დავუპირისპიროთ კანონიო, ფრანგებმა. და ეს იმ ფონზე, რომ საფრანგეთი და აშშ-ი 300 წლის სტრატეგიული პარტნიორები არიან“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.