დაჩი ბერაია: ინფორმაცია გამჭვირვალობის კანონის არ არსებობის გამო ვერ მოვიძიე და იქნებ მითხრათ, ვინ ებრძოდა ქართულ სასამართლოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით?
„ძალიან უცნაურია, როცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წინააღმდეგია საქართველოში გამჭვირვალობის,“ – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ მთავარი კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა დაჩი ბერაიამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც „უცხო გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს განიხილავენ.
დეპუტატმა კითხვით მიმართა უმრავლესობის ლიდერს მამუკა მდინარაძეს და დაინტერესდა, საიდან ფინანსდებოდნენ ის „ენჯეოები“, რომლებიც სასამართლო სისტემის დისკრედიტირებას ახდენდნენ.
„ძალიან უცნაურია, როცა „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ წინააღმდეგია საქართველოში გამჭვირვალობის. ამ ქცევას, რა ჰქვია იქნებ მითხრათ. მაქვს კითხვა, რომელზედაც პასუხი ვერ მოვიძიე. მაინტერესებს არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებიც ებრძოდნენ ქართულ სასამართლო სისტემას და ახდენდნენ მის დისკრედიტაციას, ვინ უფინანსებდა ამ აქციებს? სხვათა შორის საუბარია იმ სასამართლო სისტემაზე, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებმა მაღალი ქულები მიანიჭეს შეფასების დროს. ეს ინფორმაცია გამჭვირვალობის კანონის არ არსებობის გამო ვერ მოვიძიე და იქნებ თქვენ მომაწოდოთ ინფორმაცია, ვინ ებრძოდა ქართულ სასამართლოს ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელით?“ – განაცხადა დაჩი ბერაიამ.
უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ დაჩი ბერაიას კითხვის პასუხად განაცხადა: „არ ვიცი და იცით რატომ არ ვიცი? იმიტომ რომ კანონი არ მოქმედებს, ის კანონი, რომელსაც ესენი რუსულს ეძახიან“.