leaderboard_below_slide
left_sabechdi

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს მხარი დაუჭირა

იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენით განიხილა და მხარი დაუჭირა  ფრაქცია „ქართული ოცნების“ მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარდგენილ კანონპროექტს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.

მომხსენებლის, საპარლამენტო უმრავლესობის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, კანონპროექტი შეეხება იმ არასამთავრობო და მედია სექტორის წარმომადგენელ ორგანიზაციებს, რომელთა წლიური შემოსავლის 20%-ზე მეტი უცხოეთიდანაა. მისი თქმით, ასეთი ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ იუსტიციის სამინისტროს შესაბამის რეესტრში „უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ“ ორგანიზაციებად და წელიწადში ერთხელ შეავსონ დეკლარაცია.

მამუკა მდინარაძის განმარტებით, კანონპროექტით გათვალისწინებულია ადმინისტრაციული ჯარიმები  ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში, ასევე გაწერილია  დარეგისტრირების პროცედურები  და იმ უწყებების კონტროლის მექანიზმები,  სადაც ასეთი ორგანიზაციები უნდა დარეგისტრირდნენ.

„შარშან განხილული ორი კანონპროექტიდან არც ერთი მივიღეთ. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა არაერთი კომუნიკაცია დონორ ორგანიზაციებთან. მაშინ ყველა – ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და  განსაკუთრებით, დონორები ამბობდნენ, რომ ისედაც ყველაფერი გამჭვირვალე იყო. 

ასევე  იყო უამრავი შეხვედრა, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ საკითხები, რაც გაუმჭვირვალე იყო აღარ იქნებოდა, თუმცა ამ პირობაზე ვერ მივიღეთ დადებითი შედეგი. საბოლოო ჯამში, ბევრი საკითხი, დაფინანსება, პროექტი და გრანტი კიდევ უფრო გაუმჭვირვალე გახდა. იქამდე მივედით, რომ ე.წ. შავი ფულის მიმოქცევის აღმოსაფხვრელად იძულებულები ვართ, სახელმწიფომ მიიღოს შესაბამისი ღონისძიებები, ისევე როგორც ეს მოხდა ამერიკის შეერთებული შტატებში, ისევე როგორც დღეს  ევროკავშირი ცდილობს ამ საკითხის დარეგულირებას იმ კანონპროექტით, რომელიც ევრო-დირექტივის სახით შევიდა ევროპარლამენტში, ისევე როგორც საფრანგეთის პარლამენტის ქვედა პალატამ მიიღო და როგორც ეს მოქმედებს ავსტრალიაში, ისრაელში, კანადაში და ა.შ. 

ასევე, უამრავი სპეკულაციაა იმასთან დაკავშირებით, რომ ეს კანონპროექტი არ ეხება რუსეთს. ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რაც კი ითქვა ბოლო დღეების განმავლობაში. ეს კანონპროექტი ნებისმიერი სხვა ქვეყნიდან დაფინანსებულ ორგანიზაციას შეეხება და არა ფიზიკურ პირს და არა აქვს მნიშვნელობა ეს იქნება დასავლეთიდან, ჩვენი პარტნიორი თუ მეგობარი ქვეყნიდან წამოსული დაფინანსება თუ ოკუპანტი ქვეყანიდან“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ევროინტეგრაციის გზაზე ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიღწეულია „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ, მათ შორის, კონსტიტუციაში ჩაიწერა, რომ ქვეყნის გეზი არის ევროპა, ევროინტეგრაცია  და NATO.

კომიტეტმა, ასევე, განიხილა  ალტერნატიული კანონპროექტების ორი პაკეტი. კერძოდ, პარლამენტის წევრების ბექა ლილუაშვილის, ანა ბუჩუკურის, მიხეილ დაუშვილის, შალვა კერესელიძის და თეონა აქუბარდიას მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ალტერნატიული კანონპროექტები:

„ოკუპანტი ქვეყნის − რუსეთის ფედერაციის გავლენებისგან დაცვის შესახებ“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, ხოლო მეორე – პარლამენტის წევრების  ბექა ლილუაშვილის და მიხეილ დაუშვილის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი ალტერნატიული კანონპროექტები  – „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ და „გრანტების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე.

პირველი ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტით  განისაზღვრება ოკუპანტი ქვეყნის – რუსეთის ფედერაციის ძალა, ოკუპანტი ქვეყნის გავლენის აგენტი და იკრძალება ოკუპანტი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე და მის სასარგებლოდ ისეთი საქმიანობები, რომლებიც, საბოლოო ჯამში, მიზნად ისახავს საქართველოს ეროვნული ინტერესების დაზიანებას, მათ შორის – ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის ხელის შეშლას.
მეორე ალტერნატიული საკანონმდებლო პაკეტი განსაზღვრავს გრანტის მიმღებ ორგანიზაციათა წარდგენილი ანგარიშგებების ადმინისტრირებასა და საჯარო ხელმისაწვდომობაზე პასუხისმგებელ ორგანოს, კერძოდ – ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის ზედამხედველობის სამსახურს.  ასევე, ცვლილებები  ავალდებულებს გრანტის მიმღებ ორგანიზაციებს წარუდგინონ შესაბამის სახელმწიფო ორგანოს ყოველწლიური საქმიანობის ანგარიში. ანგარიშში მოცემული იქნება ინფორმაცია საანგარიშო წლის განმავლობაში მიღებული და განხორციელებული საგრანტო პროექტების შესახებ. მთავრობას ექნება უფლებამოსილება დეტალურად განსაზღვროს ანგარიშში მისათითებელი საკითხები.

როგორც მომხსენებელმა, ბექა ლილუაშვილმა განაცხადა, ხელისუფლებას რეალურად გამჭვირვალობა არ აინტერსებს და მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი  საზოგადოებაში დაპირისპირებას იწვევს.

ჩვენი ალტერნატიული პროექტებით გაძლევთ შესაძლებლობას, რომ გადადგათ ნაბიჯი უკან და მხარი დაუჭიროთ ისეთ კანონპროექტებს, რომელზეც არანაირი დაპირისპირების საფუძველი არ იარსებებს“, – ამ სიტყვებით მიმართა ოპოზიციონერმა დეპუტატმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს.

კომიტეტმა მხარი არ დაუჭირა ალტერნატიულ კანონპროექტებს.

 

ასევე იხილეთ