top_leaderboard

არჩილ თალაკვაძე: თავად ევროკავშირის ანგარიში ადასტურებს, რომ გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის პრიორიტეტი

“ევროპარლამენტის ახალი ანგარიშიც წამოგვეწია და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის, რაზეც დღეს მსჯელობს საქართველო, გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ გასულ წელს იყო აქტუალური ევროკავშირისთვის”, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, არჩილ თალაკვაძემ.

მისი თქმით, საქართველო მიესალმება ნებისმიერ გამჭვირვალე იდეას, ინიციატივას თუ კრიტიკას.

“ევროპარლამენტის ახალი ანგარიშიც წამოგვეწია ამასობაში, სადაც ნათქვამია პირდაპირ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა და ბენეფიციარებმა, რომლებიც ევროკავშირიდან იღებენ გრანტებს, უნდა უზრუნველყონ სრული გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, დეტალურად წარუდგინონ საზოგადოებას ანგარიში იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ნაწილდება თანხები. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის, რაზეც დღეს მსჯელობს საქართველო, გაცილებით ადრე, ჯერ კიდევ გასულ წელს იყო აქტუალური ევროკავშირისთვის და დღემდე რჩება იქაც აქტიური პოლიტიკური დისკუსიის საკითხად. ჩვენ მივესალმებით ნებისმიერ იდეას, ინიციატივას თუ კრიტიკას, ოღონდ ის უნდა იყოს გამჭვირვალედ წარმოდგენილი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

მან ასევე აღნიშნა, რომ გამჭვირვალობის კანონპროექტის გუშინდელი განხილვისას კიდევ ერთხელ ნათელი გახდა კითხვებზე პასუხების გაცემის მზაობა.

“გუშინ 11 საათის განმავლობაში პარლამენტი განიხილავდა ინიციატივას და საზოგადოება დარწმუნდა, რომ არსებობს სრული მზადყოფნა და გახსნილობა იმასთან დაკავშირებით, რომ ნებისმიერ შეკითხვაზე პასუხები იყოს გაცემული და ნებისმიერი არგუმენტი, რომ ყოფილიყო ასეთი, ყველას მოესმინა და მათზეც სათანადო პასუხები ყოფილიყო გაცემული. თუმცა, ამ განხილვამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა იმაში, რაშიც ევროპული საზოგადოება და ევროკავშირი დიდი ხანია, დარწმუნებულია – გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება, ინფორმირებული საზოგადოება არის დემოკრატიის ერთ-ერთი მთავარი პირობა”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძე.

მისივე თქმით, კანონპროექტი იცავს ქვეყნის დემოკრატიას ნებისმიერი გარე ჩარევისგან.

“დღეს რომ ეს პრობლემა – გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არის პრიორიტეტი, ამას ადასტურებს თავად ევროკავშირის ანგარიში. ევრობარომეტრის ანგარიშით, ევროკავშირის 10 გამოკითხული მოქალაქიდან 8 მიიჩნევს, რომ გარე ჩარევა, მათ შორის დაფინანსება, რომელიც შემოდის მესამე მხარისგან, არის პრობლემა მისი ქვეყნისა და ევროკავშირის დემოკრატიისთვის. რა თქმა უნდა, ეს არის პრობლემა საქართველოსთვისაც და სწორედ ამიტომ არის ინიცირებული ეს კანონპროექტი”, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ევროპარლამენტში „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის ვებგვერდზე – eppgroup.eu გამოქვეყნდა ანგარიში, სადაც ნათქვამია, რომ ნებისმიერმა ორგანიზაციამ, რომელიც იღებს დაფინანსებას ევროკავშირისგან, უნდა გაამჟღავნოს როგორ იყენებს ამ თანხებს. ეს მოთხოვნა უნდა გავრცელდეს არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რომელთა დაფინანსება ჯერჯერობით მხოლოდ შეზღუდულ შემოწმებას ექვემდებარება.

ასევე იხილეთ