სოზარ სუბარი დევი ჭანკოტაძეზე: ნუ ლაპარაკობს ვეტერანების სახელით, ამის უფლება არ აქვს ამ მოღალატე ადამიანს
„ხალხის ძალის“ თავმჯდომარე სოზარ სუბარი აცხადებს, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის დევი ჭანკოტაძის განცხადება ძალიან ცუდად ენიშნა. ამის შესახებ სოზარ სუბარმა „იმედი LIVE“-ის ეთერში ისაუბრა.
„ძალიან სახიფათო განცხადება გააკეთა დღეს დევი ჭანკოტაძემ, პარლამენტის წევრმა და თან ხაზი გაუსვა, რომ ამ განცხადებას აკეთებდა, როგორც სამხედრო პირი, როგორც გენერალი და გააკეთა ვეტერანების სახელით.
ჯერ ერთი, ნუ ლაპარაკობს ვეტერანების სახელით, ამის უფლება არ აქვს ამ მოღალატე ადამიანს. ვეტერანები სხვაგან არიან და სხვაგან არის მათი ინტერესი და ვეტერანების სახელით ვერ ილაპარაკებს. მან თქვა პირდაპირ, რომ „გაფრთხილებთ, რომ ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ყველაფერი შეიძლება ძალიან ცუდად დამთავრდესო“ და ეს ამათი ხელწერაა. გვახსოვს ძალიან კარგად ორ გვამს როგორ ითხოვდა ვანო მერაბიშვილი და შემდეგ როგორ აღასრულეს კიდევაც, როგორ ჩაცხრილეს კრიალაშვილი და სრულიად შემთხვევით გადარჩა ოთანაძე. ძალიან კარგად გვახსოვს ის სატელეფონო საუბრებიც, როდესაც ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წინ, მაშინ ჯერ კიდევ ტელეკომპანია „რუსთავი 2“ მიტაცებული იყო, როცა იქ აქციები იყო და ბარიკადებს მართავდნენ, როგორ ურეკავდა ნიკა გვარამიას მიხეილ სააკაშვილი და როგორ ითხოვდა მისგან კატეგორიულად, რომ რამდენიმე ადამიანი უნდა მოკვდეს, იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიოთ და ხალხი ქუჩაში გამოვიყვანოთო და ძალიან ცუდად მენიშნა ახლა ეს განცხადებაც“, – აღნიშნა მან.
პლენარულ სხდომაზე „ნაცმოძრაობის“ წევრმა დევი ჭანკოტაძემ განაცხადა: „ჩემი, როგორც გენერლის რჩევაა, გაიტანეთ ეს კანონი. ეს გამოიწვევს ძალიან ცუდ მოვლენებს. ერთი ადამიანიც რომ დაიღუპოს, ეს ყველაფერი ძალიან ცუდად დამთავრდება“.