„პირობას გაძლევთ, სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში”, – ამის შესახებ დედაქალაქის მერი კახა კალაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.
კახა კალაძის თქმით, საქართველოს მომავალი არის ევროპა.
„რა თქმა უნდა, საქართველოს მომავალი არის ევროპა! ვინმე ამაზე კითხვის ნიშანს სვამს? თუ რაიმე წარმატებას მივაღწიეთ ევროინტეგრაციის გზაზე, ევროპულ ქვეყნებში ვიზის გარეშე, ქართული პასპორტით რომ თავისუფლად გადავადგილდებით, ეს „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში მოხდა. ხელი მოეწერა ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ კანდიდატის სტატუსი.
პირობას გაძლევთ, სწორედ „ქართული ოცნების“ პირობებში შევალთ ევროკავშირში. ფეხბურთელების გზავნილები არის ის, რაც არის ჩვენი სულისკვეთება – ჩვენი მომავალი არის ევროპა! სწორედ ასე წარმოგვიდგენია ჩვენი ქვეყანა, რომ ევროპული ღირებულებებით ვიცხოვროთ. პირველ რიგში, ევროპა საქართველოში და აქ მინდა, ჩვენი შვილებისთვის და მომავალი თაობებისთვის. ჩვენი წინაპრებიც ამისთვის იბრძოდნენ, ვყოფილიყავით თავისუფლები და დამოუკიდებლები. ნურავის შერცხვება და შეეშინდება ამის თქმის, რომ ჩვენი მომავალი არის ევროპა“, – წერს კახა კალაძე.