leaderboard_below_slide
left_sabechdi

დიმიტრი ხუნდაძე: მეგობრებო, არ შეხვიდეთ შეცდომაში! ეს არის სუფთა ქართული კანონი და რადიკალები ამიტომ ებრძვიან მას, ისინი ებრძვიან ქართულ სუვერენიტეტს და სურთ, რომ ქვეყანა იყოს მეორადი, ცალ ფეხზე მდგომი

„რით განსხვავდება ჩვენი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან – როდესაც ქვეყანა პრინციპული გადაწყვეტილებების წინაშე დგას, ესენი ჯარს ზურგში უდგებოდნენ და მერე „წითელ ხიდზე“ გარბოდნენ; როდესაც ჩვენი ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე იდგა და დღესაც დგას, ხელისუფლება ჯარისა და საზოგადოების წინ დგას, რომ საფრთხე არ შეეხოს არც სამხედროს და არც მშვიდობიან მოქალაქეს,“ – განაცხადა „ხალხის ძალის“ გენერალურმა მდივანმა დიმიტრი ხუნდაძემ პლენარულ სხდომაზე გამოსვლისას, როცა ისაუბრა იმაზე, თუ რა განასხვავებს ერთმანეთისგან მოქმედ და წინა ხელისუფლებას.

პარლამენტმა დღეს პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ და დიმიტრი ხუნდაძის სიტყვა სწორედ იმ მიზეზებს ეხებოდა, რამაც განაპირობა აღნიშნული ინიციატივის დაკანონება.

მისი თქმით, ეს არის სუფთა ქართული კანონი და რადიკალები ამიტომ ებრძვიან მას, რადგან ისინი არ ცნობენ სახელმწიფოს სუვერენიტეტს და სურთ, რომ საქართველო იყოს ცალ ფეხზე მდგომი დამონებული ქვეყანა.

„რაც შეეხება დესტრუქციულ ოპოზიციას, ისინი ებრძვიან ქართველობას და ყველაფერ ქართულს და სურთ, ნებისმიერ ფასად მოვიდნენ ხელისუფლებაში. მზად არიან იდგნენ ცალ ფეხზე, დაიდგან უნაგირი, გადაირტყან მათრახი და მათ ჰგონიათ, რომ თუ პატრონს, ან ბატონს შეიცვლიან, მონები აღარ იქნებიან. სინამდვილეში, სწორედ ეს არის მონობა. ვინც ცდილობს ხელისუფლებაში მოსვლას ამ გზით, ვინც ომის ქარ-ცეცხლში გახვია ქვეყანა, დღეს მშვიდობაზე გველაპარაკება. ახალგაზრდებზე საუბრობენ და გახსოვთ, როდესაც ბევრი ახალგაზრდა ქუჩაში ჩაცხრილეს, ისინი დღეს ვერც ხმას იღებენ და მათ მშობლები სწორედ ამათი პოლიტიკით დღემდე გამწარებულები არიან. დემოგრაფიაზე საუბრობენ და ციხეები გაავსეს, სადაც რეპროდუქციული ასაკის ჩვენი მოქალაქეების 70% იყო.

ჟურნალისტებზე საუბრობდნენ და ახლა თითქოს მათ უფლებებს იცავენ, მაგრამ ავიწყდებათ, „იმედი“ ჩაახშეს ნიღბიანი ვითომ მცველებით. რუსეთუმეობას აბრალებენ ხელისუფლებას და საზოგადოებამ მინდა გაიხსენოს, რომ 2003 წელს მათი ხელისუფლებაში მოსვლა უზრუნველყო სწორედ ივანოვმა და დღესაც მედვედევის განცხადება მათ მაშველი რგოლივით გამოადგათ. ეს არის სწორედ დახმარება მათთვის. რით განსხვავდება ჩვენი ხელისუფლება წინა ხელისუფლებისგან – როდესაც ქვეყანა პრინციპული გადაწყვეტილებების წინაშე დგას, ესენი ჯარს ზურგში უდგებოდნენ და მერე „წითელ ხიდზე“ გარბოდნენ; როდესაც ჩვენი ქვეყანა ომის საფრთხის წინაშე იდგა და დღესაც დგას, ხელისუფლება ჯარისა და საზოგადოების წინ დგას, რომ საფრთხე არ შეეხოს არც სამხედროს და არც მშვიდობიან მოქალაქეს. ეს პასუხისმგებლობა მაშინ, მათ ვერ აიღეს და ზურგიდან გაექცნენ საკუთარ ჯარს და საკუთარ საზოგადოებას დააბრალეს ომის დაწყება. დღეს ჩვენი ხელისუფლება ყველას პასუხისმგებლობას იღებს და ყველას ფარად უდგება – ჯარსაც და საზოგადოებასაც. მეგობრებო, არ შეხვიდეთ შეცდომაში! ეს არის სუფთა ქართული კანონი და ამიტომ ებრძვიან მას. ისინი ებრძვიან ქართულ სუვერენიტეტს და სურთ, რომ ქვეყანა იყოს მეორადი, ცალ ფეხზე მდგომი. მაგრამ მონობა ქართველის ბუნება არ არის! აგენტობა არის მათი [რადიკალური ოპოზიციის] ფუნქცია და მათი მოვალეობა!“ – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.

 

ასევე იხილეთ