დიმიტრი ხუნდაძე: ის, რომ დღეს პარლამენტის წინ საზოგადოების ერთ ნაწილს აპროტესტებინებენ იმას, რომ თავად იცოდეს მეტი, სწორედ ესაა სხვა ქვეყნის უნებლიე თუ განზრახული ინტერესების მხარდაჭერა საკუთარი ქვეყნის საზიანოდ
„გამჭვირვალობის შესახებ ქართულმა კანონმა თვითლუსტრაციისკენ უბიძგა ყველას, ვინც „შავი ფულის შემომწირველია“ საქართველოს სუვერენიტეტის წინააღმდეგ“, – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ გენერალური მდივანი, დეპუტატი დიმიტრი ხუნდაძე წერს.
როგორც დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, დასამალია საზიანოდ გამოსაყენებელი თანხა, ხოლო სიკეთისთვის გამიზნული ფული საზოგადოებამ რომ იცოდეს, ეს თავად დონორის ინტერესში შედის.
„ვინც ქართულ კანონს „რუსულს” უწოდებს, სწორედ იმ ორგანიზაციებს ავალდებულებს ეს კანონი, საზოგადოების სასარგებლოდ, გამჭვირვალე გახადონ მათ ხელთ არსებული გაუმჭვირვალე მილიონები, რომელიც ხშირ შემთხვევაში ქართული სახელმწიფოს ინტერესების საწინააღმდეგოდ გამოიყენება. დასამალია საზიანოდ გამოსაყენებელი თანხა, ხოლო სიკეთისთვის გამიზნული ფული საზოგადოებამ რომ იცოდეს, ეს თავად დონორის ინტერესში შედის. ქვეყნის უსაფრთხოება ბრმად არავის ენდობა. ყველა ქვეყნის უპირატესი ინტერესია მისივე ქვეყნის უსაფრთხოება და ეს მიდგომა უნდა ჰქონდეს საქართველოსაც. ის, რომ დღეს პარლამენტის წინ საზოგადოების ერთ ნაწილს აპროტესტებინებენ იმას, რომ თავად იცოდეს მეტი, სწორედ ესაა სხვა ქვეყნის უნებლიე თუ განზრახული ინტერესების მხარდაჭერა საკუთარი ქვეყნის საზიანოდ“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.