„ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები, რომელიც იქნება მათ შორის რეფერენდუმი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.
„სალომე ზურაბიშვილი თვითონ არის უცხოური გავლენის აგენტი. შესაბამისად, ერთადერთი, ვისი ხმაც არის სალომე ზურაბიშვილი, არის შესაბამისი უცხოური ძალა, გლობალური ომის პარტია, რაზეც არაერთხელ გვისაუბრია. რაც შეეხება ამ კანონის სახალხო ლეგიტიმაციას, სულ რაღაც ექვს თვეში ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს საპარლამენტო არჩევნები იქნება მათ შორის რეფერენდუმი ამ კანონთან დაკავშირებით. ყველა კარგად ნახავს, რომ საბოლოო ჯამში ამ კანონს ექნება 60%-იანი მხარდაჭერა ქართულ საზოგადოებაში. შესაბამისად, ყველა დაელოდოს არჩევნებს და ნურავინ, მათ შორის პირველ რიგში, სალომე ზურაბიშვილი ნუ ისაუბრებს ქართველი ხალხის სახელით, როდესაც ის პირდაპირ ღალატობს ქართველ ხალხს და ქვეყნის კონსტიტუციას“, – განაცხადა პრემიერმა.