ეკა სეფაშვილი: როდესაც ოპოზიცია და არასამთავრობოები ახალისებენ მომიტინგეებს და ჰპირდებიან ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს
„ელემენტარულად, ვინ იხდის იმ ხმის გამაძლიერებელი აპარატურის საფასურს, რასაც აქციაზე იყენებენ და რაც ძალიან ძვირი ღირს? თუ ეს უცხოური დაფინანსებით ხდება, მოსახლეობას სრული უფლება აქვს, რომ იცოდეს“, – ამის შესახებ მედიასთან „ხალხის ძალის“ საერთაშორისო ურთიერთობების მდივანმა, დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებმა უნდა იცოდნენ, თუ რა ძალები აფინანსებენ აქციებს.
„განვლილი პერიოდის განმავლობაში, არაერთხელ ვიხილეთ, თუ როგორ გადაუხადეს ევროპული ფონდებიდან სამართალდამცავების მიერ ადმინისტრაციული დარღვევებისთვის დაკავებულ პირებს ჯარიმები. ერთ-ერთი ოპოზიციური არხიდან თინა ხიდაშელი და სხვები აქციაზე მყოფ ახალგაზრდებს არწმუნებდნენ, რომ მათგან მხარდაჭერა და თანადგომა ექნებოდათ. ოღონდ, ნიშანდობლივია ის, რომ პირდაპირ ეთერში ვერ გაბედეს ეთქვათ, ჯარიმის გადახდას რომ გულისხმობდნენ, ან, დაჭერის შემთხვევაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი რომ შეიწყალებდა მათ. როდესაც ოპოზიცია და არასამთავრობოები ახალისებენ მომიტინგეებს და ჰპირდებიან ადმინისტრაციული ჯარიმების გადახდას, საზოგადოებამ უნდა იცოდეს, ვინ აფინანსებს ამ ყველაფერს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.