ირაკლი კობახიძე: ევროკომისია ამბობს, რომ საფრანგეთის ბევრად უფრო მკაცრი კანონი არის კარგი და მერე გეუბნებიან, რომ ჩვენი კანონი არის ცუდი, რა დონის პარადოქსზე გვაქვს საუბარი
„ამერიკული კანონი და საფრანგეთის კანონპროექტი, რომელიც ევროკომისიამ მოიწონა, არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენი კანონი და როცა ევროკომისია იწონებს ბევრად უფრო მკაცრ კანონს, როგორ შეიძლება, ჩვენი კანონი იყოს ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მთავრობის მეთაურის შეფასებით, როდესაც ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი სტრუქტურა ამბობს, რომ ბევრად უფრო მკაცრი კანონი არის კარგი და აცხადებენ, რომ საქართველოს კანონი არის ცუდი, ამგვარი მიდგომა პარადოქსულია.
„როდესაც ამერიკელები ამბობენ, რომ მათ კანონი არ არის მსგავსი, მართალია და რატომ? – მათი კანონი არის უმკაცრესი. მათ კანონი ითვალისწინებს ადამიანის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, სისხლის სამართლებრივ დევნას და უცხოელ აგენტად შესაბამისი სუბიექტის რეგისტრაციას. უმკაცრესი რეგულაციები აქვთ. ამ კუთხით არ არის მსგავსი ამერიკული კანონი, ვინაიდან ბევრად უფრო მაღალი სტანდარტია დადგენილი. იგივე ეხება საფრანგეთს, ევროკომისიის მიერ მოწონებულ კანონპროექტს. იმ კუთხით არ გავს, რომ ის კანონები არის ბევრად უფრო მკაცრი. ევროკომისიამ მოიწონა ის და როცა ევროკომისია იწონებს ბევრად უფრო მკაცრ კანონს, როგორ შეიძლება, ჩვენი კანონი იყოს ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში. ევროკომისიამ უკვე თქვა, რომ მათი კანონი არის კარგი, რომელიც არის ბევრად უფრო მკაცრი, ვიდრე ჩვენი კანონი. რა დონის პარადოქსზე გვაქვს საუბარი. ევროკავშირის მთავარი აღმასრულებელი სტრუქტურა ამბობს, რომ ბევრად უფრო მკაცრი კანონი არის კარგი და მერე გეუბნებიან, რომ ჩვენი კანონი არის ცუდი“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.