top_leaderboard

ირაკლი კობახიძე: რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს კანონი ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, მას არ მივიღებდით

„სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ. შენ პირველ რიგში, უნდა იყო სუვერენული სახელმწიფო, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესებს.

„სიტყვას გაძლევთ, რომ არცერთ დახურულ შეხვედრაზე იმაზე მეტი არ იყო ნათქვამი, ვიდრე ითქვა საჯაროდ. თუ აქვთ არგუმენტები კანონის წინააღმდეგ, საჯაროდ რატომ არ ამბობენ? არ არსებობს ასეთი არგუმენტი, იმიტომ,  რომ კანონი ითვალისწინებს ერთადერთ რამეს და ეს არის ყოველწლიური დეკლარაციები. ამასთან დაკავშირებით არგუმენტები უბრალოდ ვერ იარსებებს. ამიტომ, როდესაც თქვენ ამბობთ რუსულ კანონს, ეს არის უბრალოდ ტყუილი.

ჩვენ რომ არ ვიყოთ დარწმუნებულები, რომ ეს კანონი ევროპულ ინტეგრაციას საფრთხეს არ შეუქმნის, რა თქმა უნდა, მას არ მივიღებდით. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კანონი არა თუ საფრთხეს არ შეუქმნის ევროინტეგრაციას, არამედ პირიქით, მხოლოდ და მხოლოდ უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის ინტეგრაციას ევროპულ სტრუქტურებში. ჩვენ თუ სახელმწიფო სუვერენიტეტს არ დავიცავთ, დაგვემართება ის, რაც უკრაინას დაემართა – უკან მოგვრჩება მშვიდობაც და ევროინტეგრაციაც. თუ რაიმეს ემსახურება ეს კანონი, ეს არის სწორედ ჩვენი ევროინტეგრაციის ამოცანა. სუვერენიტეტის გარეშე ევროპაში ვერ შეხვალ. შენ პირველ რიგში, უნდა იყო სუვერენული სახელმწიფო, რომ გახდეს ევროკავშირის წევრი ქვეყანა. აქედან გამომდინარე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს კანონი მხოლოდ და მხოლოდ წაადგება ჩვენი ევროინტეგრაციის ინტერესებს და ამას საზოგადოება დაინახავს. ჩვენ გამოვიარეთ ბრძოლები, განსაკუთრებით 2020-2021-2022 და 2023 წლებში და ამ ბრძოლებმა მოგვიტანა ჩვენ კონკრეტული შედეგები და ამას საზოგადოება აკვირდებოდა. რა არის ამ რამდენიმე წლის შედეგები ჩვენი ხელისუფლებისა და ჩვენი ქვეყნისთვის – ეს არის ის, რომ ჩვენ უმძიმესი პრობლემებისა და რისკების მიუხედავად, შევინარჩუნეთ მშვიდობა, არავის არ მივეცით ქვეყნის არევის საშუალება, ძალიან სერიოზული მცდელობა იყო. გახსოვთ, რიგგარეშე არჩევნები, რევოლუცია უნდოდათ, მერე გახსოვთ, რას ითხოვდნენ ჩვენგან, როცა უკრაინაში ომი დაიწყო. მშვიდობაც შევინარჩუნეთ და ბოლოს ქვეყანამ ჩვენს ხელში მიიღო კანდიდატის სტატუსი. მანამდეც, რაც ხელშესახები შედეგი აქვს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე, ეს არის მათ შორის ასოცირების შეთანხმება, DCFTA, ვიზა ლიბერალიზაცია და ბოლოს კანდიდატის სტატუსი – ყველაფერი მოხდა ჩვენი ხელისუფლების ხელში და არაფერი მოსულა მარტივად – ჩვენ ყველაფერი მოვიპოვეთ ბრძოლით და შევუნარჩუნეთ ჩვენს ქვეყანას დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი, რაც ზოგიერთმა ქვეყანამ ვერ მოახერხა და შესაბამისად, სერიოზული პრობლემები შეექმნა. აქედან გამომდინარე, ამ კანონის მიღება ემსახურება სახელმწიფო სუვერენიტეტის განმტკიცებას, ევროინტეგრაციას და ამ კანონის მიღებას არ აქვს არავითარი ალტერნატივა. თუ არ მივიღებთ ამ კანონს, სწორედ ამ შემთხვევაში შეგვექმნება სუვერენიტეტის პრობლემა და შეგვექმნება პრობლემა ევროინტეგრაციის კუთხით“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე იხილეთ