ირაკლი კობახიძე: გამახსენეთ ერთი არგუმენტი შოლცის, სტოლტენბერგის, ევროკავშირის განცხადებებიდან, რომლითაც ამტკიცებენ, რომ ეს კანონი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ან პრინციპებთან
„რუსულ კანონში კოპირებულია ამერიკული კანონის ტერმინოლოგია, ამერიკული კანონის მიხედვით, შესაბამის სუბიექტს ჰქვია უცხოელი აგენტი და იგივე ტერმინი გადმოიტანეს რუსებმაც, რაც შეეხება ქართულ კანონს, ასეთი ტერმინი არ არის გამოყენებული”, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ქართული ტერმინოლოგია მეორდება ევროკავშირის დონეზე მოწონებულ დოკუმენტში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიღებულ კანონებში.
„თქვეს, რომ „უცხოური გავლენების გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი ეწინააღმდეგება ევროკავშირის ღირებულებს, სადმე მოგისმენიათ არგუმენტი, რა ნაწილში, რატომ ეწინააღმდეგება, ქართულ საზოგადოებას და მათ შორის მეც, არგუმენტები არ მოგვისმენია გამახსენეთ ერთი არგუმენტი შოლცის, სტოლტენბერგის, ევროკავშირის განცხადებებიდან, რომლითაც ამტკიცებენ, რომ ეს კანონი წინააღმდეგობაშია ევროკავშირის კანონმდებლობასთან ან პრინციპებთან, ერთი გამახსენეთ, მეორე არ მინდა.
რუსულ კანონში კოპირებულია ამერიკული კანონის ტერმინოლოგია, ამერიკული კანონის მიხედვით შესაბამის სუბიექტს ჰქვია უცხოელი აგენტი და იგივე ტერმინი გადმოიტანეს რუსებმაც, რაც შეეხება ქართულ კანონს, ასეთი ტერმინი არ არის გამოყენებული, ის ტერმინი, რომელიც გამოყენებულია ჩვენს კანონში მეორდება თავად ევროკავშირის, ევროკომისიის მიერ მოწონებულ დოკუმენტში, მეორდება მთელ რიგ ევროკავშირის სხვა წევრი ქვეყნების კანონებში. აქედან გამომდინარე, არგუმენტი არ აქვთ, გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი ტერმინოლოგია მეორდება ევროკავშირის დონეზე მოწონებულ დოკუმენტში და ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მიღებულ კანონებში.
ევროკომისიის მიერ მოწონებული კანონი ეხება აბსოლუტურად ყველას, გარდა თავად ევროკავშირისა. თავის თავს ხომ არ შეეხება, შესაბამისად, ევროკავშირის მიერ მიღებული კანონი ეხება ყველას, რუსეთსაც, ამერიკასაც, კატარსაც და ისლანდიასაც.
სინამდვილეში ჩვენი ტერმინოლოგია არ იმეორებს რუსულ ტერმინოლოგიას და იმეორებს ევროპულ ტერმინოლოგიას. ჩვენს ტერმინოლოგიას რაც შეეხება – არის ასეთი ტერმინი გამოყენებული უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, ეს არის არა ტერმინი, არამედ ფაქტის კონსტანტაცია. მე თავის დროზე გერმანიაში დისერტაცია მაქვს დაცული, ყველა სახელმძღვანელოსა და სამეცნიერო ნაშრომში წერია, სადაც არის ფული დაკავშირებული სოციალურ პროცესებთან, პოლიტიკასთან თუ არაპოლიტიკასთან, ნებისმიერ შემთხვევაში ფულს მიყვება გავლენა და ინტერესები, ეს წერია ელემენტარულ სახელმძღვანელოში და სამეცნიერო ლიტერატურაში. არ არსებობს ფული ასეთ სივრცეში, რომელსაც არ მიყვება გავლენა და ინტერესები, შესაბამისად, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, არის არა ტერმინი, არამედ ფაქტის კონსტატაცია – ფაქტის კონსტატაცია არის ის, რომ როცა ვიღაც გაძლევს ფულს, შენ იმ ფულს იყენებ მისი ინტერესების გასატარებლად. თავად ეს ენჯეოების სტანდარტიც არის. ჩვენ რომ დავაფინანსოთ ხვალ არასამთავრობო ორგანიზაცია, მას მყისიერად უწოდებენ GONGO-ს ასეთი ტერმინი გამოიყენება. GONGO ტერმინი ნიშნავს პირდაპირ რომ ვთარგმნო – სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციას. როგორც კი საქართველოს მთავრობა დააფინანსებს არასამთავრობო ორგანიზაციას, მნიშვნელობა არ აქვს მის საქმიანობას, შეიძლება, ძალიან კარგი რაღაცები აკეთოს, ეკოლოგიას გაუფრთხილდეს, შშმ პირებს გაუფრთხილდეს, მაშინვე აწებებენ ენჯეოები GONGO იარლიყს – სამთავრობო არასამთავრობო ორგანიზაციის იარლიყს და ეს სწორია, რადგან სადაც მთავრობა აფინანსებს ორგანიზაციას, იქ ამ დაფინანსებას პირდაპირ მიუყვება მთავრობის, სახელმწიფოს ინტერესები. შესაბამისი ორგანიზაციები, რომლებიც იღებენ ფულს მთავრობისგან, ენჯეოების სტანდარტით უზრუნველყოფენ მთავრობის ინტერესების გატარებას, თუ საქართველოს მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია არის საქართველოს მთავრობის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია, უცხო ქვეყნის მთავრობის მიერ დაფინანსებული ორგანიზაცია რატომ არ არის იმ უცხო ძალის მიერ დაფინანსებული და შესაბამისი ინტერესების გამტარებელი ორგანიზაცია. ხომ მარტივი ლოგიკაა? იმდენი არგუმენტი გვაქვს, რომელსაც ვერ აბათილებენ, აქედან ჩანს – საერთოდ არ არსებობს ამ კანონის გაკრიტიკების არავითარი საფუძველი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს ეს კანონი, ეს არის გამჭვირვალობის მინიმალური სტანდარტი – წელიწადში ერთხელ ორგანიზაციებმა უბრალოდ დეკლარაციები შესაბამის საიტზე უნდა განათავსონ.
„დღეს არ არის ეს დაფინანსება გამჭვირვალე. მაგალითად თქვენ რომ მოგინდეთ, უცბად ნახოთ, ვინ რისთვის, რატომ, რამდენით აფინანსებს მოძრაობა „სირცხვილიას“, არ არის ეს ინფორმაცია არსად ხელმისაწვდომი, აქედან გამომდინარე, არის გამჭვირვალობის კუთხით ხარვეზი და შესაბამისად, აუცილებელია, ეს ხარვეზი აღმოიფხვრას. ამ კანონის წინააღმდეგ არ არის არგუმენტები, თუ აქვთ არგუმენტები, მე ვთავაზობ ყველა ელჩს – პირდაპირ ვერ შევალთ ახლა სახდეპის სპიკერთან დისკუსიაში, ელჩები არიან აქ წარმოდგენილი. საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებული თუ არიან ისინი, თუ სურთ, გააგრძელონ პოლიტიკურ დებატებში მონაწილეობა, ყველამ კეთილი ვინებოთ და ღია დისკუსიაში ჩავერთოთ საზოგადოების თანდასწრებით“, – განაცხადა კობახიძემ.