ირაკლი კობახიძე: „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და რუსულ კანონს შორის არავითარი შინაარსობრივი თანხვედრა არ არის, ამ კანონისთვის რუსული კანონის დაძახება არის ცრუპენტელობა
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს როცა ეძახით რუსულ კანონს, ეს არ არის უბრალოდ ტყუილი, არამედ ცრუპენტელობა, რადგან არავითარი საერთო ამ კანონს არ აქვს რუსულ კანონთან“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონსა და რუსულ კანონს შორის არავითარი შინაარსობრივი თანხვედრა არ არის.
„ეს არ არის რუსული კანონი – არავითარი თანხვედრა შინაარსობრივი არ არის ამ კანონსა და რუსულ კანონს შორის, მათ შორის დეტალურად შემიძლია, განგიმარტოთ რუსულ კანონში რა წერია. რუსეთში, ამ კანონის საფუძველზე, რაც იქ მოქმედებს, შეიძლება, შევიდეს სახელმწიფო კონტროლი პირდაპირ ჩაჯდეს და რაღაც თუ არ მოეწონება, შეუძლია, საერთოდ აკრძალოს შესაბამისი არასამთავრობო ორგანიზაცია. უცხოელი აგენტი ტერმინი გამოიყენება, ეს ტერმინი გამოიყენება მათ შორის ფიზიკური პირების მისამართით, გამოიყენება ბრენდირების მექანიზმი, რაც ნიშნავს იმას, რომ მაგალითად როცა შესაბამისი პირი გამოდის ტელევიზიის ეთერით, იქ მითითებული უნდა იყოს ტიტრებში, რომ ეს ადამიანი, კონკრეტული ფიზიკური პირი არის უცხოელი აგენტი, შესაძლებელია, აღიძრას სისხლის სამართლის საქმე პირის თუ ორგანიზაციის მიმართ – სად არის რუსული ჩვენს კანონში? როცა ამ კანონს ეძახით რუსულ კანონს, ეს არ არის უბრალოდ არა ტყუილი, არამედ უხეშობისთვის მომიტევეთ – ეს არის ცრუპენტელობა, რადგან არავითარი საერთო ამ კანონს არ აქვს რუსულ კანონთან.
სააკაშვილმა დაამკვიდრა თავის დროზე ქართულ პოლიტიკაში, მანამდე ასე სამარცხვინოდ არ იტყუებოდნენ არც პოლიტიკოსები, არც ჟურნალისტები. სააკაშვილმა პირადად დაამკვიდრა ეს სტანდარტი, რომ შეიძლება, საერთოდ არ ჰქონდეს არგუმენტი, მაგრამ შეიძლება, ასე ურცხვად მოიტყუო. ცრუპენტელობა არის ერთ-ერთი, რაც უნდა შევამციროთ ქართულ პოლიტიკაში და მათ შორის მედიაში“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.