არჩილ გორდულაძე: ფაქტია, გიორგი გახარია გახდა პრემიერ-მინისტრი და საზოგადოებამ იხილა ღალატი, „ნაცმოძრაობის“, კონკრეტულად ნიკა მელიას გადასარჩენად მან გუნდს უღალატა
“სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება არსებობს 20 ივნისთან დაკავშირებით, სადაც პირდაპირ არის მითითებული, რომ სახელმწიფო და საგამოძიებო სამსახურები ვალდებული არიან, შეაფასონ მათ შორის, ორგანიზატორთა მოქმედებები”, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, არჩილ გორდულაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა.
„ჩვენ ვიცით, რომ 20 ივნისის შემდეგ ორმა ადამიანმა დაკარგა მხედველობა, ბევრ ადამიანს აქვს წარუშლელი კვალი, ჯანმრთელობის დაზიანება. ამავდროულად, ჩვენ ვიცით, რომ ზუსტად ჩორჩანასთან დაკავშირებით მილიონ კვადრატულ მეტრზე სახელმწიფოს ეფექტური კონტროლი არ აქვს ჩვენს ტერიტორიაზე; ჩვენი ქვეყნის ფარგლებში არსებობს ტერიტორია, რომელიც სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ პირველი და ერთადერთი შემთხვევაა, როდესაც დაიკარგა კვლავ ტერიტორიები და გიორგი გახარია საერთოდ პასუხსაც კი ვერ სცემს ამაზე. ჩვენ საოცრება ვიხილეთ საგამოძიებო კომისიის სხდომის მიმდინარეობისას. ამ ადამიანმა შეძლო და ერთსა და იმავე საკითხზე ორი წუთის განმავლობაში ერთმანეთისგან აბსოლუტურად განსხვავებული პოზიციები გააჟღერა“, – განაცხადა გორდულაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ მოხდა გიორგი გახარიას დაწინაურება 20 ივნისის მოვლენების შემდეგ, როდესაც ის პრემიერის პოსტზე დაინიშნა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ დიახ, ფაქტია ისიც, რომ ეს ადამიანი გახდა პრემიერ-მინისტრი და საზოგადოებამ იხილა ღალატი და „ნაცმოძრაობის“, კონკრეტულად, ნიკა მელიას გადასარჩენად მან გუნდს უღალატა.
„ამავდროულად, მან ქვეყანა ჩააგდო დიდი გამოწვევის წინაშე, როდესაც კონკრეტული დამნაშავის მიმართ უნდა გატარებულიყო შესაბამისი კანონით გათვალისწინებული ქმედებები, მაგრამ იგი გადადგა და როგორც აღმოჩნდა, თვითონვე გააკეთა განცხადებები, რომ კონკრეტულ დიპლომატთან ჰქონდა კომუნიკაცია“, – განაცხადა გორდულაძემ.
თამთა სანიკიძის შეკითხვაზე, ეს ყველა ფაქტი ხომ მანამდეც იყო ცნობილი სტრასბურგის სასამართლომდე და სამართლებრივის გარდა, მაშინ პოლიტიკურ ნაწილში მაინც რატომ არ დადგა მისი პასუხისმგებლობა, რაც იყო მაშინ მესამე სექტორის და ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა, არჩილ გორდულაძემ განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება 2024 წელს იყო და შესაბამისად, მაშინ არ იყო, როდესაც გიორგი გახარია იკავებდა პრემიერ-მინისტრის პოზიციას.
„ამავდროულად, ჩვენ არა ერთხელ განგვიცხადებია, რომ მათ შორის, ჩვენი გუნდის შიგნითაც არ იყო სიმყარე და იყვნენ პირები, რომლებიც რბილად რომ ვთქვათ, არ იზიარებდნენ იმ სახელმწიფოებრივ პოზიციას, რომლითაც გამსჭვალულია ჩვენი პარტიის დამფუძნებელი და შესაბამისად, ჩვენი გუნდის ახლანდელი შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა და ყველა“, – განაცხადა გორდულაძემ.






