top_leaderboard

ედმონდ მინაშვილი „იმედის“ ჟურნალისტებზე თავდასხმაზე: ეს ოპოზიციის ხელწერაა – ებრძვიან ყველას და ყველაფერს, რაც ქართულია

„პირადად მე, რუსეთუმეობას ვერავინ დამაბრალებს. თუ ვინმეს გაუკეთებია რუსეთის წინააღმდეგ ფილმები, ერთ-ერთი ვარ მე”, – ამის შესახებ რუსთაველის თეატრის მსახიობმა, ედმონდ მინაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

„სლოგანს, რა თქმა უნდა ევროპაში, მეც ვუერთდები, მაგრამ – ღირსებით, იმ ღირსებით, როგორც გვეკადრება ქართველ ერს“, – აღნიშნა მსახიობმა.

ედმონდი ტელეკომპანია „იმედის“ თანამშრომლებისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტს გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს ოპოზიციის ხელწერაა.

„ოპოზიციის ფილოსოფია ასეთია – თუ ჩვენ ხელისუფლებაში არ ვიქნებით, ჯანდაბამდე გზა ჰქონია ამ ქვეყანას. ამიტომ ებრძვიან ყველას და ყველაფერს, რაც ქართულია, რაც ჩვენთვის სენსიტიური და მნიშვნელოვანია – ეს არის ეკლესია. მოგეხსენებათ როგორი ბულინგი და ზეწოლა მიდის ეკლესიაზე“, – განაცხადა ედმონდ მინაშვილმა.

როგორც ცნობილია „გამჭვირვალობის კანონპროექტის“ წინააღმდეგ მიმდინარე აქციებზე ტელეკომპანია „იმედის“ გადამღებ ჯგუფებს აქციის მონაწილეების მხრიდან მუდმივად ზეწოლის ფონზე უხდებათ მუშაობა. აგრესიულად განწყობილი ჯგუფები ხელით ეხებიან როგორც „იმედის“ ჟურნალისტებს, ისე ტელევიზიის ინვენტარს, აყენებენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას. გადამღებ ჯგუფს პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში ხელს უშლიან ევროკავშირის დროშით აღჭურვილი ადამიანები.

აღსანიშნავია, რომ ძალადობას აქციის ორგანიზატორებიდან არავინ ემიჯნება. დუმს მესამე სექტორი.

ასევე იხილეთ