18 აპრილს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და ფრანკოფონიის საუნივერსიტეტო სააგენტოს თანაორგანიზებით საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართა სიმპოზიუმი „სამეცნიერო დიპლომატია მშვიდობისა და განვითარებისათვის“, რომლის პირველი სესიის თემა იყო დიპლომატია მეცნიერებისთვის, ხოლო მეორე სესიის – მეცნიერება დიპლომატიისთვის და დიასპორის როლი სამეცნიერო დიპლომატიისთვის.
სიმპოზიუმის გახსნისას მასპინძელი ორგანიზაციის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის რექტორმა, აკადემიკოსმა დავით გურგენიძემ აღნიშნა, რომ სიმპოზიუმის თემატიკა ზედმიწევნით ეხმიანება დღეს მიმდინარე რთულ გლობალურ პროცესებს. მისი განცხადებით, სამეცნიერო დიპლომატია, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის ქართველ მეცნიერთა, მძლავრ სამეცნიერო ცენტრებსა და ორგანიზაციებში მომუშავე მკვლევართა ფუნდამენტურ კონცეფციებსა და ერთობლივ კვლევებს ემყარება, მძლავრი ბერკეტია მსოფლიოში მშვიდობისა და განვითარებისთვის.
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ნოდარ პაპუკაშვილმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სიმპოზიუმის თემატიკა ძალზე აქტუალურია დღეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე. სახელმწიფოთაშორის ურთიერთობებში, ჩვენი ქვეყნის მიერ სხვა სახელმწიფოებთან გაფორმებულ ჩარჩო ხელშეკრულებებში ყოველთვის ხაზგასმულია განათლების, მეცნიერებისა და დიპლომატიის როლი ამ მიმართულებით, მნიშვნელოვანია მეცნიერებისა და დიპლომატიის მიზნების კვეთის, ურთიერთთანამშრომლობის საკითხები.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალურმა დირექტორმა თეიმურაზ დოჭვირმა აღნიშნა, რომ მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, მეტად მნიშვნელოვანია სახელმწიფოებს შორის კონსტრუქციული დისკუსიისა და დიალოგის ხელშეწყობა სხვადასხვა სფეროში, მათ შორს, მეცნიერებაში. განსაკუთრებით დასაფასებელია კონფლიქტური რეგიონების საგანმანათლებლო- კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენელი მეცნიერების აქტიური ჩართულობა ასეთ ღონისძიებებში, რომელთა მიზანი ქვეყნებს შორის მშვიდობიანი, მეგობრული და თანასწორუფლებიანი ურთიერთობების გაღრმავებაა. დღეს მსოფლიოსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია მშვიდობა, რომლის გარეშეც შეუძლებელია კაცობრიობის განვითარება.
სიმპოზიუმში მონაწილეობდნენ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი, საქართველოს პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის წარმომადგენლები, მეცნიერები მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან – ისრაელის ტექნიონის უნივერსიტეტის პროფესორი იუვალ გარინი, უკრაინის ლვოვის პოლიტექნიკური უნიევრსიტეტის ასოცირებული პროფესორი სერგეი ბერეჟკო, ასევე, მოლდოვას რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს დიპლომატიური ინსტიტუტის დირექტორი ეუჟენიუ ვიზირი, გაეროს უნივერსიტეტის შედარებითი რეგიონალური ინტეგრაციის კვლევების ინსტიტუტის (UNU-CRIS) წარმომადგენელი ერიკ პიაჟე და სხვები.
საერთაშორისო სიმპოზიუმის მონაწილეებს სიტყვით მიმართეს განათლების საერთაშორისო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, ნუნუ მიცკევიჩმა, ფრანკფურტის გოეთეს უნივერსიტეტის პროფესორმა, მანანა თანდაშვილმა, სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა, კახაბერ კვაშილავამ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებებისა და კვლევითი ინსტიტუტების, ასევე, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის პარტნიორი საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
სამეცნიერო დიპლომატიის სიმპოზიუმის მიზანი მეცნიერების, დიპლომატიის, პოლიტიკის, აკადემიური სფეროების გაერთიანებაა თანამშრომლობისა და ერთიანი ქსელის შექმნის ხელშეწყობისთვის გლობალური გამოწვევების გადასაჭრელად, საერთაშორისო მასშტაბის სამეცნიერო თანამშრომლობის მხარდასაჭერად.