გიორგი ვოლსკი: ეროვნული ინტერესია, ქვეყანა სამშვიდობოზე გავიყვანოთ, მოწინააღმდეგე ბანაკის მიზანი კი დესტაბილიზაციაა
„ჩვენი ეროვნული ინტერესია, ქვეყანა სამშვიდობოზე გავიყვანოთ და სტაბილურობა შევინარჩუნოთ. ყველა რეიტინგის მიხედვით გვაქვს საუკეთესო მაჩვენებელი, სტაბილურობის გარეშე გადარჩენა არ არსებობს“, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ განაცხადა.
მისი თქმით, მოწინააღმდეგე ბანაკის აზრი და მიზანი დესტაბილიზაციაა, თუმცა გადაწყვეტილებას საზოგადოება მიიღებს, საით ურჩევნია – განვითარებისკენ თუ დესტაბილიზაციისკენ.
გიორგი ვოლსკი ექვსი პოლიტიკური პარტიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებას გამოეხმაურა და თქვა, რომ ისინი პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობის“ წვერები არიან, არც გასულან ამ პარტიიდან, უბრალოდ, სხვადასხვა ფლანგზე გადანაწილდნენ.
„პოლიტიკური პარტიები ამაში თავიდანვე იყვნენ ჩართულები, ცნობილი იყო და ადამიანების უმეტესობა, რომელიც დღეს განცხადებას აწერს ხელს, არის პირდაპირ „ნაცმოძრაობის“ წევრი. არც გასულან ამ პარტიიდან, უბრალოდ, სხვადასხვა ფლანგებზე გადანაწილდნენ. დიდი ხანია, უნდათ, არასამთავრობო ორგანიზაციების დახმარებით, შემდეგ ეტაპზე გადავიდნენ და რევოლუციური პროცესები განავითარონ. ეს ცნობილიც იყო და ჩანდა კიდევაც. იმ ახალგაზრდების ჯგუფისთვის, რომელიც ან შეცდომაშია შეყვანილი, ან დარწმუნებულები არიან, რომ რაღაც ცუდი ხდება, ის ადამიანები არ არიან მისაღები, ვისაც რეალურად ხელები სისხლში აქვთ გასვრილი, ან ამ სისხლიანი ადამიანების თანამზრახველები არიან. ფაქტია, ამას ყველაფერს აერთიანებს ერთი მთავარი გეგმა – დესტაბილიზაცია, ვინაიდან ამ პოლიტიკურ გუნდს არჩევნებში არანაირი პერსპექტივა არ გააჩნია. რაც არ უნდა სტრატეგიული, ტაქტიკური გადანაცვლებები მოხდეს, საზოგადოებისთვის და ახალგაზრდებისთვის, უმეტესი ნაწილისათვის, ზუსტად არის ცნობილი, რა ხდება ჩვენს ქვეყანაში“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.
მისი თქმით, უცხოური დაფინანსების გამჭვირვალობის შესახებ კანონს რუსულთან არანაირი კავშირიც არ აქვს, არც მომავალში იქნება შეცვლილი ან სახეცვლილი იმგვარად, რომ რუსულ კანონს დაემსგავსოს.
„ყველა ქვეყანა თავისი ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებს. ევროდირექტივა გულისხმობს იმას, რომ ევროკავშირში ყველა ქვეყანას ანალოგიური კანონი უნდა ჰქონდეს. ამაში არ იქნება საკვირველი ისიც, რომ ადგილობრივი საზოგადოებრივი თუ სხვა ორგანიზაციები ამას არ მიესალმებიან, მაგრამ ფაქტია, საფრანგეთმა გაზის მიღება რუსეთიდან მნიშვნელოვნად გაზარდა. ლიეტუვამ და ლატვიამ ხორბლის შესყიდვა მნიშვნელოვნად გაზარდეს, ვინაიდან ეს მათ ეროვნულ ინტერესებს პასუხობს. ეროვნული ინტერესები ჩვენც გვაქვს – ქვეყანა გავიყვანოთ სამშვიდობოზე და შევინარჩუნოთ სტაბილურობა. საუკეთესო მაჩვენებელი გვაქვს ყველა რეიტინგის მიხედვით. სხვადასხვა მიმართულებით საერთაშორისო სავალუტო ფონდის მაჩვენებლებიც გამოქვეყნდა. მათ შორის ეკონომიკური ზრდის საკითხებთან დაკავშირებით. სტაბილურობის გარეშე გადარჩენა არ არსებობს. მოწინააღმდეგე ბანაკის აზრი და მიზანი დესტაბილიზაციაა. გადაწყვეტილებას საზოგადოებაც მიიღებს, საით ურჩევნიათ – განვითარებისკენ თუ დესტაბილიზაციისკენ“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.