top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: 29 აპრილს ყველას ვიწვევთ, რომ მოვიდეს რუსთაველზე და დააფიქსიროს თავისი პოზიცია

“ვხედავთ, ოპოზიციის ნაწილი როგორ ცდილობს შეცდომაში შეიყვანოს ჩვენი მოქალაქეები, ითამაშოს მათ ემოციებზე, მაშინ როდესაც საქართველოს მოსახლეობის უმეტესობა დიახ, სწორედაც რომ ითხოვს, უფრო მეტის ცოდნას და ინფორმაციას დაფინანსებასთან დაკავშირებით და ამიტომაც გადაწყდა, გაიმართოს აქცია, სადაც ჩვენი მოქალაქეები გამოვლენ და თავიანთ პოზიციას დააფიქსირებენ”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს 29 აპრილს დაგეგმილ შეკრებაზე საუბრისას განუცხადა.

რა თქმა უნდა, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ მოსახლეობის უმრავლესობაზე, ეს უმრავლესობა ვერ იქნება გაჩუმებული. ამიტომ, 29 აპრილს ყველას ვიწვევთ, რომ მოვიდეს რუსთაველზე და დააფიქსიროს თავისი პოზიცია ამ კანონთან და ზოგადად, იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებასაც ცდილობენ ბოლო პერიოდში“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, ეს იქნება დიდი სახალხო ღონისძიება, სადაც ყველა საქართველოს მოქალაქე მნიშვნელოვანია მივიდეს და მიიღოს მონაწილეობა.

„ეს არის მომენტი, როდესაც ჩვენ უნდა დავაფიქსიროთ, რა უნდა ჩვენს საზოგადოებას, სად დგას ჩვენი საზოგადოება. ის ერი, რომელმაც თავისი დამოუკიდებლობა მოიტანა სისხლითა და ბრძოლით; ის ერი, რომელიც 30 წელია აშენებს და ააშენა ქვეყანას, რომელიც დღეს არის ერთ-ერთი მოწინავე როგორც დემოკრატიული განვითარებით, ასევე ეკონომიკური ზრდის ტემპებით და ყველა მიმართულებით ვართ მოწინავე რეგიონში და ერთ-ერთი მოწინავე რეგიონს მიღმა ქვეყნებთან შედარებითაც, ამ ერს, როდესაც აძლევენ მითითებებს, როგორი კანონი მიიღოს ან არ მიიღოს; რა გადაწყვეტილებები მიიღოს ან არ მიიღოს და ერევიან მის გადაწყვეტილებებში, ვფიქრობ, ეს არის მომენტი, რომ ეს ერი უნდა გამოვიდეს, დადგეს და თქვას, რომ საქართველოში ხელისუფლების წყარო არის ხალხი და ეს ხალხი უნდა დაინახოს ყველამ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

„ქართული ოცნება“ 29 აპრილს საქართველოს პარლამენტის წინ საყოველთაო-სახალხო შეკრებას ატარებს.

ასევე იხილეთ