top_leaderboard

შალვა პაპუაშვილი: სააკაშვილი ციხეშია, სანქციები რუსეთისთვის დაწესებული არ არის და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვენიჭა

“სააკაშვილი ციხეშია, სანქციები დაწესებული არ არის და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვენიჭა. ვინც ამას ამბობდა, რომ ევროკავშირის კარი ჩაიკეტებაო, ჰგონია, რომ ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი, მოდის დირექტივა, რომელიც უნდა შესრულდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა.

“ჩვენ იმასაც გვეუბნებოდნენ, რომ სააკაშვილს თუ არ გაუშვებთ, ჩაიკეტებაო ევროკავშირის კარი საქართველოსთვის, წითელი ხაზიაო. იმასაც გვეუბნებოდნენ, და დღემდე გვეუბნებიან, რომ სანქციებს თუ არ დაუწესებთ რუსეთსო, ეს წითელი ხაზია და ჩაიკეტებაო. სააკაშვილი ციხეშია, სანქციები დაწესებული არ არის და ჩვენ კანდიდატის სტატუსი მაინც მოგვენიჭა. ვინც ამას ამბობს, ჰგონია, რომ ევროკავშირი არის საბჭოთა კავშირი, მოდის დირექტივა, რომელიც უნდა შესრულდეს. ჩვენ ვსაუბრობთ ევროკავშირზე, რომელიც არის თანასწორთა კავშირი. მართალია არ ვართ ჯერ წევრი, რომ იგივე თანასწორობა გვქონდეს გადაწყვეტილების მიღებაში, მაგრამ აქედანვე თუ არ დავანახეთ ჩვენს მეგობრებს ევროკავშირში, რომ ჩვენ მხოლოდ თანასწორად ვხედავთ საკუთარ თავს, ასე სხვაც არ შემოგვხედავს.

მთავარია ჩვენ გავერკვეთ, ჩვენ რა გვინდა. გვინდა თუ არა, რომ დამნაშავე იყოს გარეთ? არ გვინდა, გვინდა, რომ დაისაჯოს. ჩვენ თუ ეს გვინდა და ხალხი ამაზე ყალიბდება, ევროკავშირიც ამაზე წამოგვყვება. გვინდა თუ არა, რომ სანქციები დავუწესოთ რუსეთს და ამით ფაქტობრივად ომი ავტეხოთ ქვეყანაში? – არ გვინდა. რომ შევთანხმდით საზოგადოება და ვთქვით არა მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაზე და არა სანქციებს და ომს საქართველოში, სწორედ ამიტომაც ევროკავშირმა თქვა, რომ კი ბატონო და მოგცეს კანდიდატის სტატუსი“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ასევე იხილეთ