leaderboard_below_slide
left_sabechdi

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანმა და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენციაში მიიღეს მონაწილეობა.

კონფერენცია 22-23 აპრილს, ესპანეთში, ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო ტრიოს ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში გაიმართა ქალთა ფორუმი, სადაც პარლამენტების ქალმა თავმჯდომარეებმა ქალთა გაძლიერების გზებზე და ამ მიმართულებით არსებულ გამოცდილებაზე იმსჯელეს.

ნინო წილოსანმა მონაწილეობა მიიღო ქალთა ფორუმზე გამართულ დებატებში და პარტნიორებს გაუზიარა სახელმწიფოს გრძელვადიანი ხედვა, პოლიტიკა და პრიორიტეტები ქალთა თანაბარი უფლებებისა და მათი ეკონომიკური და სოციალური გაძლიერებისთვის.

ევროკავშირის სპიკერთა კონფერენცია ესპანეთის მეფე, ფილიპე მეორემ გახსნა და სიტყვით მიმართა ევროპული სახელმწიფოების პარლამენტების ხელმძღვანელ პირებს. მოხსენებით წარსდგნენ ესპანეთის სენატისა და კონგრესის თავმჯდომარეები.
მსჯელობა შეეხო ევროკავშირის სტრატეგიული ავტონომიის საკითხებს, საგარეო და უსაფრთხოების გამოწვევებს სოციალური მედიისა და ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში, კონფლიქტებს უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში.

ევროკავშირის სპიკერთა კონფერენცია არის ყოველწლიური ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერები, ევროპარლამენტის პრეზიდენტი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის სპიკერები. სპიკერთა კონფერენცია მიზნად ისახავს პარლამენტების როლის დაცვას, საერთო სამუშაოს განხორციელების მხარდაჭერას და საპარლამენტთაშორისო საქმიანობის ხელშეწყობას.

ასევე იხილეთ