top_leaderboard

მამუკა მდინარაძე: ესე იგი თუ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტი არ ხარ, არც დიპლომატი უნდა დაგიდგეს გვერდით, არც რომელიმე „ენჯეო“

„ეს არის სრული ლუსტრაცია ფაშისტური დამოკიდებულების, რომ თუ შენი არ არის ჟურნალისტი, იმაზე ბულინგი შეიძლება. თუ შენი არ არის და აგენტი არ არის პოლიტიკოსი, ესე იგი იმაზე ძალადობა – მიპარვით, არაკაცურად, არაქართულად, ლაჩრულად მოსულა და თუ შენია, იქ ძალადობა არის ამაზრზენი”, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მდინარაძეს POSTV-ს ჟურნალისტმა მიაწოდა ინფორმაცია, რომ ცოტა ხნის წინ მათი ჟურნალისტი მორიგი ბულინგის მსხვერპლი გახდა და რა კომენტარს გააკეთებდა ამაზე.

„ამას ორმაგი სტანდარტიც აღარ ჰქვია, ამას ჰქვია სამარცხვინო მოქმედება, რომ არავინ არ ეხმიანება ჟურნალისტების ბულინგს. თუ ობიექტურია მედია საქართველოში“, – აღნიშნა მდინარაძემ, რაზეც „ფორმულას“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებმა განუცხადეს, რომ ისინი გმობენ ძალადობას. „მთავარი არხის“ ჟურნალისტმა დაამატა, რომ ყველანაირ ძალადობას გმობს და მათ შორის თავად მდინარაძეზე განხორციელებულ ძალადობასაც.

„ფორმულა“ გმობს. მივესალმები თქვენს ამ გულწრფელ დამოკიდებულებას. ძალიან დიდი მადლობა, რომ თქვენ ეს მოახერხეთ, გაბედეთ. „მთავარი არხის“ ჟურნალისტიც გმობს. ჩემზე განხორციელებული მოპარვით და არაკაცური ძალადობა, მათ შორის ჟურნალისტებზე ასევე ლაჩრული თავდასხმები არ იქნა დაგმობილი, დაგმობილი კი არა, წახალისებულია, ხალხო. ჩვენი პიარის წარმომადგენელმა მითხრა, რომ სკეტჩები კეთდება ამასთან დაკავშირებით თქვენს ტელევიზიებში – ხუმრობენ, სტატუსებს დებენ. როგორც პოლიტიკოსზე, ასევე ჟურნალისტებზე თავდასხმის რომანტიზებას ახდენენ. კონკრეტულ მტკიცებულებებს დაგიდებთ, რომ ერთ-ერთმა ტელევიზიამ თურმე იუმორისტული სკეტჩი გააკეთა ამაზე. ასეთი მდაბიოობა, არ არსებობს. ახლა დაველოდები თქვენი ტელევიზიები [„ფორმულას“ და „მთავარ არხს“ მიმართავს] თუ გააკეთებენ განცხადებებს და თუ დაგმობენ მაგალითად „იმედის“ ჟურნალისტზე თავდასხმას, POSTV-ს ჟურნალისტებზე თავდასხმის დაგმობას თუ გაბედავენ.

რამდენი დღეა გასული, მარტო თქვენ გაბედეთ პერსონალურადა, ვერცერთმა ტელევიზიამ [გაბედა დაგმობა], რომელიმე დიპლომატმა დაგმო? ხომ არ დაუგმია? გამახსენეთ თუ დაგმო. ესე იგი თუ „ნაცმოძრაობის“ ტელევიზიის ჟურნალისტი არ ხარ, არც დიპლომატი უნდა დაგიდგეს გვერდით, არც რომელიმე „ენჯეო“. რომელიმე „ენჯეომ“ დაგმო? პირიქით, ახალისებენ. ეს არის სრული ლუსტრაცია ფაშისტური დამოკიდებულების, რომ თუ შენი არ არის ჟურნალისტი, იმაზე ბულინგი შეიძლება. თუ შენი არ არის და აგენტი არ არის პოლიტიკოსი, ესე იგი იმაზე ძალადობა – მიპარვით, არაკაცურად, არაქართულად, ლაჩრულად მოსულა და თუ შენია, იქ ძალადობა არის ამაზრზენი. ამ [„იმედის“ და POSTV-ს] ჟურნალისტებს კეთილი ინებეთ და სოლიდარობა სხვებმაც გამოუცხადეთ“, – აღნიშნა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ