top_leaderboard

მეცნიერებმა საბოლოოდ დადასტურეს თუ რისგან შედგება მთვარის შიდა ნაწილი.

მეცნიერები იმედოვნებენ, რომ დასკვნა დაასრულებს ხანგრძლივ კამათს მთვარის შიდა ნაწილის შემადგენლობის შესახებ
✦ 2023 წლის მაისში გამოქვეყნებულმა საფუძვლიანმა კვლევამ აჩვენა, რომ მთვარის შიდა ბირთვი რეალურად არის მყარი ბურთი, რომელსაც რკინის მსგავსი სიმკვრივე გააჩნია.
Sciencealert-ის თანახმად, მკვლევრები იმედოვნებენ, რომ ეს დასკვნა ხელს შეუწყობს ხანგრძლივი კამათის დასრულებას იმის შესახებ, თუ როგორია მთვარის შიდა ბირთვი – მყარი თუ თხევადი.
ასევე, დასკვნა მიგვიყვანს მთვარის ისტორიის უფრო ზუსტ გაგებამდე და, შესაბამისად, მზის სისტემის ისტორიის შესახებაც მოგვაწვდის უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას.
მზის სისტემის ობიექტების შიდა შემადგენლობის შესწავლა ყველაზე ეფექტურად სეისმური მონაცემების გამოყენებით ხერხდება.
მიწისძვრების შედეგად წარმოქმნილი აკუსტიკური ტალღებისა და პლანეტის ან მთვარის შიგნით არსებული მასალის გადაადგილებას შეუძლია დაგვეხმაროს ობიექტის შიდა ნაწილის დეტალური რუკის შედგენაში.
გაგვაჩნია მთვარის სეისმური მონაცემები, რომლებიც Apollo-ს მისიების დროს შეგროვდა, მაგრამ გარჩევადობა ძალიან დაბალია იმისთვის, რომ ზუსტად განვსაზღვროთ შიდა ბირთვის მდგომარეობა.
ვიცით, რომ მთვარეს აქვს თხევადი გარე ბირთვი, მაგრამ საკამათოა მისი შემადგენლობა.
მკვლევართა ჯგუფმა და არტურ ბრაუდმა (ჯგუფის ხელმძღვანელი) გააანალიზეს კოსმოსური მისიებისა და ლაზერული კვლევებისას მოგროვებული მონაცემები, რათა შეესწავლათ მთვარის მახასიათებლები, მათ შორის დეფორმაცია, დედამიწიდან დაშორების ცვლილებები და სიმკვრივე.
მათ სხვადასხვა ტიპის ბირთვების სიმულაცია მოახდინეს, რათა დაენახათ, რომელი ერგებოდა შეგროვებულ მონაცემებს საუკეთესოდ.
შედეგები ამყარებს თეორიას, რომ მთვარე განიცდის აქტიურ ცვლილებებს თავის მანტიაში.
ანუ, მთვარის შიგნით უფრო მკვრივი მასალა ცენტრისკენ გადაადგილდება, ხოლო ნაკლებად მკვრივი მასალა ზემოთ ამოდის.
ეს აქტივობა დიდი ხანია შემოთავაზებულია მთვარის ვულკანურ რეგიონებში გარკვეული ელემენტების არსებობის ასახსნელად.
მეცნიერებმა ასევე აღმოაჩინეს, რომ მთვარის ბირთვი ძალიან ჰგავს დედამიწის ბირთვს: მისი გარე ფენა (ბირთვი) გახლავთ თხევადი, ხოლო შიდა ბირთვი მყარი.
მათი სიმულაციების მიხედვით, მთვარის გარე ბირთვის რადიუსი დაახლოებით 362 კილომეტრია, ხოლო შიდა ბირთვი დაახლოებით 258 კილომეტრი.
ეს გახლავთ მთვარის მთელი რადიუსის დაახლოებით 15 პროცენტი.
ჯგუფმა ასევე დაადგინა, რომ შიდა ბირთვის სიმკვრივე დაახლოებით 7822 კილოგრამია კუბურ მეტრზე, რაც რკინის სიმკვრივის მსგავსია.
ჩვენ ვიცით, რომ ჩამოყალიბებიდან მალევე, მთვარემ წარმოქმნა ძლიერი მაგნიტური ველი, რომელმაც შესუსტება დაიწყო დაახლოებით 3.2 მილიარდი წლის წინ.
ეს მაგნიტური ველი წარმოიქმნება ბირთვში მოძრაობისა და კონვექციის შედეგად, ამიტომ მთვარის ბირთვის შემადგენლობა დიდ გავლენას ახდენს იმაზე, თუ როგორ და რატომ გაქრა მაგნიტური ველი.
იმის გათვალისწინებით, რომ ადამიანი მთვარეზე უახლოეს პერიოდში უნდა დაბრუნდეს, არ მოგვიწევს ხანგრძლივი ლოდინი, რათა ეს აღმოჩენები სეისმურადაც დადასტურდეს.
ასევე იხილეთ