საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გიორგი ამილახვარმა გაერო-ს მუდმივ კოორდინატორს საქართველოში, საბინე მახლის უმასპინძლა.
სამუშაო შეხვედრაზე მხარეებმა ახალგაზრდობის პოლიტიკის გაუმჯობესების საკითხი, სასკოლო სივრცეში მშვიდობის განათლების ინტეგრირების პერსპექტივები და განათლების სხვადასხვა საფეხურზე თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობები განიხილეს.
გიორგი ამილახვარმა მადლობა გადაუხადა საბინე მახლის არაერთი მასშტაბური პროექტის მხარდაჭერისთვის, რომლებიც საქართველოში პროფესიული განათლების სფეროსა და ახალგაზრდობის პოლიტიკის განვითარების მიზნით განხორციელდა.
თავის მხრივ, გაერო-ს მუდმივმა კოორდინატორმა საქართველოში მადლობა გადაუხადა მინისტრს ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და სამომავლო პარტნიორობის გაღრმავების მზაობა გამოხატა.
შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ერთობლივი საგანმანათლებლო პროექტების განხორციელების საკითხს და ამ მიმართულებით სამომავლო გეგმებს.
სამუშაო შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილე ნოდარ პაპუკაშვილი ესწრებოდა.