leaderboard_below_slide
left_sabechdi

სოზარ სუბარი ლგბტ პროპაგანდაზე: ვიცავთ საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებულ უფლებას, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა

„პროპაგანდას პროპაგანდით უნდა შევებრძოლოთ, მაგრამ როდესაც მოდიან ზეწოლით, მოთხოვნებით, მაშინ იძულებული ხდები, რომ დაიცვა შენი თავი და დაიცვა ყველაზე მაღალი კანონი, რაც კი გვაქვს ქვეყანაში, რაც არის საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილების შეტანის შესახებ“ და „ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კონსტიტუციურ კანონპროექტებთან დაკავშირებით საყოველთაო-სახალხო განხილვაზე ოზურგეთში.

როგორც სოზარ სუბარმა აღნიშნა, დღეს საჭირო გახდა ტრადიციული უფლებების დაცვა, რომლებიც აღიარებულია ყველა საერთაშორისო დონეზე – ეს არის ადამიანის უფლებები და არა ის, რის გამოცხადებასაც დღეს ცდილობენ გარკვეული ძალები.

„დღეს მსოფლიოში არის 10 მილიონამდე ბავშვი, რომელიც იზრდება ოჯახებში, სადაც ერთი და იმავე სქესის მშვილებლები არიან. მეცნიერულად დადგენილია, რომ ამ ბავშვებს ძალიან სერიოზული პრობლემები აქვთ ფსიქიკური თვალსაზრისით. მეორე პრობლემა ისაა, რომ ამ ბავშვებს ამაზე ლაპარაკი ეკრძალებათ, იმდენად ძლიერია ის ლობი, რომელიც მოქმედებს ამ სფეროში. ეს არის ის, რის წინააღმდეგაც გვიწევს ჩვენ კანონის მიღება“, – განაცხადა დეპუტატმა.

მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ ვერავინ წარმოიდგენდა, რომ საბერძნეთში, სადაც მართლმადიდებლობა სახელმწიფო რელიგიად არის გამოცხადებული, დააკანონებდნენ ერთი სქესის ადამიანთა ქორწინებას და ამას დააკანონებდა ის პარტია, რომელიც მოვიდა როგორც კონსერვატიული და ტრადიციული ღირებულებების პარტია.

„შეგახსენებთ ამერიკის დღევანდელი პრეზიდენტის სიტყვებს, რომელიც მაშინ თქვა, როდესაც ის იყო სახელმწიფო მდივანი და არა პრეზიდენტი, მსოფლიოს სხვადასხვა ელჩებთან შეხვედრის დროს: მე არ მაინტერესებს თქვენი კულტურა, გეებისა და ლესბოსელების მომხრეები წარმოადგენენ საზოგადოებრივი ცხოვრების ძირითად ნაკადს, მათი მოწინააღმდეგეები მარგინალები არიან, ქვეყნებმა, რომლებიც არ იცავენ ლგბტ უფლებებს, უნდა ზღონ არაადამიანურობის გამო. პრაქტიკულად ეს ნიშნავს, რომ ეს არის პოლიტიკა, რომელიც მოდის ზღვასავით, მეწყერივით, და რომლის გავრცელებას ცდილობენ მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაზე. სწორედ ამიტომ არის საჭირო, რომ კანონით დავიცვათ ჩვენი უფლებები. ვინმეს უფლებებს კი არ ვზღუდავთ, არამედ ვიცავთ ჩვენს ტრადიციულ ღირებულებებს, ვიცავთ იმ უფლებას, რომელიც არის საქართველოს კონსტიტუციით განმტკიცებული და ეს არის უფლება, რომ ოჯახი არის ქალისა და მამაკაცის ერთიანობა, ეს არის უფლება, რომელიც მოდის ჩვენი რელიგიიდან, ჩვენი წარსულიდან, ჩვენი წინაპრებიდან. ეს არ არის მხოლოდ მართლმადიდებელი რელიგია, მე არ ვიცი არცერთი ტრადიციული რელიგია, რომელიც იმავე ღირებულებას არ ცნობს და არ აღიარებს. ამიტომაც გახდა საჭირო საკანონმდებლო დონეზე გაგვემყარებინა ეს უფლება“, – აღნიშნა სოზარ სუბარმა.

მისი განცხადებით, ინიცირებული კანონპროექტები არავის უფლებების დარღვევისკენ არაა მიმართული.

„ყველას უფლება არის დაცული, მაგრამ ეს უფლებები არის ყველასი, თანაბარი. ის, რომ ბავშვის უფლება უნდა იყოს დაცული, ის, რომ გამოხატვის უფლება უნდა იყოს დაცული, ის, რომ წამებას არ უნდა დაექვემდებაროს არავინ, ის, რომ ყველას თანაბრად აქვს უფლება თავისი ორიენტაციის, ეს ყველაფერი არის დაცული, უბრალოდ ლაპარაკია იმაზე, რომ ჩვენ არატრადიციული ღირებულებები არ მოგვახვიონ თავს“, – განაცხადა „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ.

 

ასევე იხილეთ