top_leaderboard
left_sabechdi

მუსიკოსის სახლი ბორბლებზე და საგასტროლო ტურნე ცუცასთან ერთად

როცა მუსიკალურ ჯგუფში საკუთარი ძალები მოსინჯა 14-15 წლის იყო. „გუფიც“ მაშინ შეარქვეს, რადგან ანიმაციური ფილმის ამ პერსონაჟს მიამსგავსეს. ნიჭიერი დრამერი და მუსიკოსი გურამ მაკალათია ყველაზე პოპულარული მაშინ გახდა, როცა გოჩა ლორიას „ჩურჩულები“ შეასრულა, იმ დროს ოთარ ტატიშვილის სატელევიზიო შოუში აქტიურად გამოდიოდა. დღემდე დაწერილი აქვს: ასზე მეტი სიმღერა, ქავერი და ელექტრონული მუსიკალური ნაწარმოები, რომელიც ყველა ასაკის მსმენელზეა გათვლილი.

 

ვისაუბროთ მუსიკაზე!

გურამ მაკალათია: ინტერვიუ ბევრი წელია არავისთვის მიმიცია. უარს ვამბობ ხოლმე იმიტომ, რომ ხშირად ჟურნალისტები მუსიკის გარდა ყველაფერზე მელაპარაკებიან. „გუფილენდის“ რეპერტუარში არსებული სიმღერების, მუსიკის, ტექსტისა და არანჟირების ავტორი ძირითადად მე ვარ. უცხოურ და ქართულ ჰიტებსაც ვმღერი. საერთოდ, მუსიკას ერთ რომელიმე ასაკზე ვერ გათვლი. წინასწარ იმასაც კი ვერ გათვლი-კარგია ის თუ ცუდი. როცა გამოუშვებ და დაუკრავ, მერე მიხვდები, როგორი გამოვიდა.

რაზეა ჩემი სიმღერები?

ადრე არა ერთი კოლაბორაცია მქონდა ცნობილ მომღერლებსა და მუსიკალურ ჯგუფებთან: ლელა წურწუმიასთან, დათო გომართელთან, „შვიდკაცასთან“ და „სახესთან“. წლების წინ, ოთარ ტატიშვილის შოუში სიამოვნებით ვიღებდით მონაწილეობას, მაგრამ სამომავლოდ რომელიმე ტელევიზიასთან თანამშრომლობას არ ვაპირებ. რაზეა ჩემი სიმღერები? – რა ვიცი, წვიმაზე, თოვლზე, სიყვარულზე და ყველაფერზე, რაც ყოველთვის აქტუალურია. ამ ეტაპზე ზაფხულისთვის ახალ პროგრამაზე ვმუშაობ. ხშირად მეკითხებიან-კონცერტის დროს მომხდარ კურიოზებზე, არაფერი მახსენდება, რადგან ვცდილობ, რომ სცენაზე გაუთვალისწინებელი არაფერი მოხდეს. ყველა კონცერტი თავისებურად დასამახსოვრებელია.

მუსიკის გენეტიკური ნიჭი

მუსიკოსის დედამ, ჟურნალისტმა ნინო ცხოიძემ, ჩვენთან საუბარში გაიხსენა, რომ ბავშვობაში, მომავალი დრამერი თეფშებზე ჩანგლებით „უკრავდა“ და ნებისმიერ მუსიკას რიტმში ჰყვებოდა.

ნინო ცხოიძე:  როცა ჯერ ლაპარაკიც არ იცოდა, სიმღერით ვაძინებდი. მაშინ დავაკვირდი, რომ ნატო გელაშვილის სიმღერას „დეკემბერი, დეკემბერი“ თავისებურად ჰყვებოდა. მივხვდი, რომ ასპროცენტიანი სმენა ჰქონდა. მოგვიანებით თეფშებზე ჩანგლებით „დაკვრა“ დაიწყო. ნათესავებმაც შეამჩნიეს, რომ რიტმში უკრავდა. სხვათა შორის, მისი ბაბუა, ვის სახელსა და გვარსაც ატარებს, არაჩვეულებრივად მღეროდა. ბავშვობაში მეც მქონდა სურვილი, დასარტყამ ინსტრუმენტებზე დამეკვრა, მაგრამ ჩემს ქალაქში, ფოთში, სიმღერით მიცნობდნენ. როცა გურამმა ასეთი გზა აირჩია, ძალიან გამიხარდა.

კომფორტული სახლი ბორბლებზე

გურამ მაკალათია: ასეთ მანქანაზე დიდი ხანია ვოცნებობდი. ჩვეულებრივი ერთოთახიანია, ყველანაირი კომფორტით. ოღონდ, იმ განსხვავებით, რომ ამით სადაც გინდა იქ გადაადგილდები და შენთვის სასურველ ხედსაც შეარჩევ. ამ მანქანით მე და ცუცამ ერთ წელიწადში 40 000 კილომეტრი დავფარეთ და მთელი საქართველო შემოვიარეთ. დავაკონკრეტებ, „ცუცა“ ჩემს ძაღლს ჰქვია. იმის გამო, რომ კონცერტები გვიან მთავრდება, შვილებისთვის, როგორც საჭიროა, ისევ ვერ ვიცლი. ჩემი ბიჭი, ალექსანდრე, ახლა14 წლისაა, გოგოს მარიამი ჰქვია და მალე 11-ის გახდება. მიხარია, რომ რასაც ვაკეთებ, მათაც მოსწონთ.

მუსიკოსი და პოლიტიკა

მე ვფიქრობ, თუკი ამ ქვეყნის მოქალაქე ხარ, იმას ნიშნავს, რომ პოლიტიკა, მინიმუმ, უნდა გაინტერესებდეს მაინც. უნდა იცოდე, შენს გარშემო რა ხდება. დღეს ჩემს ცხოვრებაში მუსიკა ყველაზე მთავარია და მომავალშიც ასე იქნება…

ასევე იხილეთ