top_leaderboard

მინდია საბანაძე: არასოდეს ყოფილა ბიზნესგარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა

ამერიკული, ჰოლდინგური კომპანია IG International-ის დამფუძნებელი და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მინდია საბანაძე უერთდება იმ ბიზნესმენების ნაწილს, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ქვეყანაში ბიზნესგარემო არასოდეს ყოფილა ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ასე ეხმაურება საქართველოში მოქმედი მსხვილი კომპანიის ხელმძღვანელი პარლამენტში განხილვაში არსებული „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტსა და აქედან გამომდინარე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს.

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასთან სტაბილური კომუნიკაცია კომპანიების მაქსიმალური განვითარების შესაძლებლობას იძლევა და სჯერა, რომ ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია.

„მე, როგორც ერთ–ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანიის დამფუძნებელი, მსურს დავაფიქსირო ჩემი პოზიცია მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით. ჩვენი კომპანიის საქმიანობა ბევრ წელს ითვლის. ბიზნესი ვითარდებოდა სხვადასხვა პოლიტიკური მმართველობის დროს. ქვეყნის განვითარების კვალდაკვალ ჩვენს თავზე ვიწვნიეთ ის გამოწვევები და სირთულეები, რომელთა წინაშეც არაერთხელ აღმოვჩნდით. ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკა დინამიკურად იზრდება, არასოდეს არ ყოფილა ბიზნესგარემო ისეთი თავისუფალი და გამჭვირვალე, როგორიც ახლაა. ეფექტური კომუნიკაცია, სტაბილური გარემო გვაძლევს განვითარების მაქსიმალურ შესაძლებლობას.

დღეს ქვეყნის ევროპული განვითარების კურსი ქართული საზოგადოების და ხელისუფლების ერთობლივი მიზანია. ღრმად მწამს და მჯერა, რომ მალე საქართველო გახდება დიდი ევროპული ოჯახის წევრი“, – წერს მინდია საბანაძე Facebook-ის პირად გვერდზე.

ასევე იხილეთ