top_leaderboard

თეა წულუკიანი: ეს ის ტრიადაა – მამული, ენა, სარწმუნოება, რომელთაგან ჩვენ არცერთზე, არაფრის ფასად არ ვიტყვით უარს, ოპონენტები კი ისე ხატავენ, თითქოს ეს ყველაფერი ევროპასთან შეუთავსებელია

„ეს ის ტრიადაა – მამული, ენა, სარწმუნოება, რომელთაგან ჩვენ არცერთზე, არაფრის ფასად არ ვიტყვით უარს და ამის ხმამაღლა სათქმელად ვართ დღეს აქ, რუსთაველის გამზირზე, დედაქალაქიდან და ყველა რეგიონიდან, ყველა ასაკის და ყველა პროფესიული წრის წარმომადგენელი, იმიტომ რომ ჩვენ გვაერთიანებს ჩვენი კულტურა და იდენტობა”, – ამის შესახებ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა განაცხადა, რომელიც რუსთაველის გამზირზე, საყოველთაო სახალხო შეკრებაზე იმყოფება.

მისივე თქმით, ხელისუფლება ევროინტეგრაციის გზაზე სვლას გააგრძელებს.

„ჩვენ არაფრის ფასად არ ვიტყვით უარს ჩვენს მამულზე, ენას ვიცავთ და დავიცავთ და რასაკვირველია სარწმუნოება – ჩვენი ეროვნული იდენტობის ფუნდამენტი, რომელიც ვერავითარი სხვა სიტყვით თუ ფენომენით ვერ და არ ჩანაცვლდება. რა თქმა უნდა გზა ევროპისკენ, მაგრამ ამ გზაზე ღირსეულად სიარული, ისე რომ ჩვენ არ სამიდან არაფრის დათმობა მოგვიწიოს. ეს ერთმანეთთან შეუთავსებელი არ არის. მეორე მხარეს, პოლიტიკური ოპონენტები ვინც დგანან, ისე ხატავენ თითქოს, ეს ყველაფერი, რაც ჩვენთვის წმინდაა – ქართველობა, რწმენა, ენა, მამული, ევროპასთან შეუთავსებელია. ეს არის მორიგი სიცრუე და პროპაგანდა, მანიპულირებენ ქართველი ერის ბედით. ჩვენ ამაყები ვართ იმით, რომ ქართველები ვართ, გავაგრძელებთ ევროინტეგრაციის გზას როგორც ეს აქამდე გავაკეთეთ, როცა უვიზო რეჟიმი მოვიპოვეთ, ამ ხელისუფლებამ მოიტანა ასოცირების შეთანხმება, ჰააგისა და სტრასბურგის სასამართლოებში რუსეთი დავამარცხეთ მტკიცებულებების საფუძველზე და ამას რომ გავაგრძელებთ, ამის სათქმელად ვართ. ალბათ, დღეს და მომდევნო დღეებში ჩვენ დაგვცინებენ და გვეტყვიან, რომ არ გვაქვს ის ასაკი, რომელიც მათთვის მოსაწონია, რომ არ ვართ იმ გარეგნობის, რომელიც მათთვის მოსაწონია, რომ არ ვიცით უცხო ენები, რომელიც მათი აზრით უნდა ვიცოდეთ და ა.შ. მაგრამ ჩვენ გვაქვს ყველაფერი ის, რაც არ აქვთ მათ, ჩვენ გვეამაყება, რომ ქართველები ვართ“, – განაცხადა წულუკიანმა.

ასევე იხილეთ