top_leaderboard

მამუკა მდინარაძე: ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ. ეს დავალება შესრულდება

„ქართველმა ხალხმა გუშინ დაგვიკვეთა და გვითხრა, დიახ, თქვენ მიიღებთ კანონს ოჯახური ღირებულებების შესახებ, თქვენ მიიღებთ კანონს გამჭვირვალობის შესახებ და ერთხელ და სამუდამოდ ყველაფერს დაარქმევთ თავის სახელს და ეროვნულ ინტერესებს არ ანაცვალებთ არაფერს, ეს დავალება შესრულდება” – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მამუკა მდინარაძემ დიდი მადლობა გადაუხადა საყოველთაო-სახალხო შეკრებაზე მისულ საქართველოს 200 ათასზე მეტ მოქალაქეს, რომლებმაც, მისი თქმით, „გუშინ არა მხოლოდ საქართველოს, მთელ მსოფლიოს აჩვენეს, რამდენად დიდია ერთობის, სიმართლის, სამშობლოს სიყვარულის, ეროვნული იდენტობის და ყველაფერი ქართულის ძალა და რამდენად შეგვიძლია ქართველებმა ამით ვიამაყოთ“

„დიდი მადლობა იმისთვის, რომ ჩვენი დღევანდელი ოპონენტები ასეთ დღეში არიან, როგორც არიან ამ ხალხის დამნახველები, დიდი მადლობა იმისთვის, რომ ეს ყველაფერი არა ჩვენ, არამედ მათ უზრუნველყვეს, მათვე მოითხოვეს სხვათა შორის და მათ უზრუნველყვეს, რომ ამდენი ადამიანი გადაჭედილ რუსთაველზე დამდგარიყო და ეთქვათ ერთხელ და სამუდამოდ, რომ დიახ, ჩვენ გვინდა გამჭვირვალობა, დიახ, ჩვენ გვინდა ლგბტ პროპაგანდის აკრძალვა და დიახ, ჩვენ გვინდა გვემსახურებოდეს ჩვენი ხელისუფალი ისე, რომ ატარებდეს ეროვნულ ინტერესებს და არ მოქმედებდეს არავინ, არასდროს ამ ქვეყანაში სხვა ქვეყნების, ფონდების და ძალების ინტერესების შესაბამისად, არამედ პირველი ინტერესი უნდა იყოს ქართული ინტერესი, რომელიც შესაბამისობაში უნდა მოვიდეს ევროპულ სტანდარტებთან, ღირებულებებთან და ჭეშმარიტ ევროპულ ინტერესებთან.

ესენი [რადიკალური ოპოზიცია] რასაც „ახერხებენ“ ეს ცალკე საოცრებაა. ცდილობენ თქვან მაგალითად, რადგან არ მოიშალეს რაოდენობაზე ლაპარაკი და თავების თვლა, რომ თურმე ერთი და იგივე რაოდენობა ეტევა გადაჭედილ რუსთაველზე და რესპუბლიკის მოედანზე. ათჯერ ნაკლებთან დაკავშირებით ხომ უნდა იყო თავხედი, რომ ეს მოახერხო. თავხედობაა რა თქმა უნდა, ცხვრებს რომ ეძახით ხალხო, როგორ კადრებთ საერთოდ ერთ ქართველს მაინც სულ რომ რაღაც შეცდომაში იყოს შეყვანილი, როგორ კადრებთ ამას, ეს როგორ უნდა იკადროთ? იმერეთში კოლორიტი ადამიანი რომ გარდაიცვლება ხოლმე 500-600 კაციანი სამგლოვიარო პროცესია ერთ კილომეტრზე იწელება და გაწელილ პროცესიას დაარქვეს 100 ათასი ადამიანი, შემდეგ იქ მართლაც 200 ათასი ადამიანი რომ შეიკრიბა, ამასაც დაარქვეს 100 ათასი ადამიანი. პიარული თავხედობა ქვია თუ რა ქვია, არ ვიცი“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

მამუკა მდინარაძემ ოპოზიციას ძველი ტყუილებიც შეახსენა.

„რა ვუყოთ იმ ძველ ამბებს, რასაც იგივენაირად იტყუებოდით? ქართულ გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ხალხს ატყუებდით, ე.წ. ვითომ რუსული კანონია. არჩევნები გააყალბა ისფედმა, პარალელური დათვლის მონაცემები და არჩევნები გაყალბდაო. ვიღას ახსოვს? ჩაიარა, თითქოს არაფერი არადა, რამხელა ტურბულენტობა მოახერხეს მაშინ.

მიშა კვდება – და მიხეილ სააკაშვილმა გუშინ კეთილი ინება და აღარ ვკვდები, კარგად ვარო და გამოიხმო სარჩელი. სად არიან ის უცხოელები, პარტნიორები, წარმომადგენლები, ის ენჯეოები, რომ იძახდნენ სასწრაფოდ გაათავისუფლეთ მიშა, კვდებაო? სად არიან? ამ ტყუილზე ვინ აგებს პასუხს? – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე იხილეთ